მემფის გრიზლისის ვარსკვლავი ჯა მორანტი 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და 2023-24 წლების სეზონის სტარტზე მოედანზე ვერ ვიხილავთ.
ამასთან, როგორც ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი წერს, მთელი რიგი ვალდებულებებია შესასრულებელი, რათა აღნიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანზე დაბრუნება შესძლოს. ირკვევა ისიც, რომ 23 წლის მორანტი ლიგისა და კლუბის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას იქნება ჩამოშორებული.
ჯას დასჯის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, სადაც ყველა ვარსკვლავთა მატჩის მონაწილე კალათბურთელი ცეცხლსასროლი იარაღით პოზირებს.
საინტერესოა, რომ NBA-ს ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის მარტში მორანტი მსგავსი ინციდენტის გამო, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა, როგორც სჩანს, ჯამ ჭკუა ვერ ისწავლა. მორანტი მომხდარის გამო ნიუ იორკშიც იმყოფებოდა, სადაც ლიგის კომისიონერ ადამ სილვერსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა და მომხდარი ამბები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ მორანტის მემფისმა NBA-ს პლეი ოფში ლეიკერსთან 2:4 წააგო, ჯას კი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 26,2 ქულა, 5.9 მოხსნა და 8.1 პასი ჰქონდა.