გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება - Palitra News

გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება

2023-06-17 12:42:39+04:00

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ქართველი ვიკინგი“ UFC on ESPN 48-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე ბრაზილიელი მებრძოლი, ელვეს ბრენერი იქნება.

ქუთათელაძის დაბრუნების შესახებ, თავდაპირველად, ინფორმაცია MMA Time-მა გაავრცელა. მოგვიანებით, გურამმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 2 ივლისს გაიმართება. ბრენერს ჯორდან ლივიტის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ იგი ბრძოლას ჩაეხსნა და გურამმა ჩაანაცვლა.

„ქართველი ვიკინგის“ მეტოქეს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 14-ჯერ იზეიმა. ბრენერი გრეპლერია და პარტერში ძალიან სახიფათოა. 14 მოგებიდან მან 11-ჯერ მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით იმარჯვა, ერთხელ ნოკაუტით მოიგო, ორჯერ კი - მსაჯების გადაწყვეტილებით. ბრაზილიელს UFC-ში 1 ბრძოლა აქვს გამართული და ზუბაირა ტუხუგოვს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველს ბოლოს ჯეიმი მალარკის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლას ვიზის პრობლემების გამო ჩაეხსნა.