ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება მონაწილეობას არ მიიღებს. იტალიური ნაპოლის ვარსკვლავმა საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კვარაცხელია ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო შეყვანილი, თუმცა, როგორც ირკვევა, მას ტურნირზე ვერ ვიხილავთ.მისი განმარტებით, ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში რთულია, ამიტომ ამას ვერ მოახერხებს და ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.
"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ.სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
კვარაცხელიას შემდეგ, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისურით თამაშის შესახებ განცხადება ფრანგული მეცის 22 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემაც გაავრცელა.
მიქაუტაძის განმარტებით, სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზეა მოტივირებული და მსგავსი დატვირთული რეჟიმის გამო ახალგაზრდული ნაკრების ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება
"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა იცოდეს გულშემატკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო, მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ". - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.