საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი კვიპროსელ თანატოლებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით გიორგი წიტაიშვილმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ნახევარი ჩვენებმა 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 51-ე წუთზე, კუთხურიდან ასისტენტის როლში წიტაიშვილი მოგვევლინა, კვიპროსელთა კარი კი საბა ხვადაგიანმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. 24 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე ბელგიას შევხვდებით, ხოლო სამი დღის შემდეგ - ნიდერლანდებს.