ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც,სავარაუდოდ, თავად ფიგურირებს, დამონტაჟებულია. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ 2 წლის წინ ჩაიკოვსკის ფონდის დამფუძნებელთან დიალოგი ნამდვილად შედგა, თუმცა გავრცელებული მასალა სპეკულაციურია. ხელისუფლების ოპონენტებმა აბაშიძის მიერ ჩანაწერში გახმოვანებულ ფრაზებს ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი უწოდეს და მას პასუხისმგებლობის აღება ურჩიეს. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რიმელშიც სავარაუდოდ ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პოზნერსა და ჩაიკოვსკის ფონდის ხელმძღვანელს ესაუბრება. მასალაში აბაშიძე ამბობს, რომ ის, ვინც 2021 წელს ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებდა, ნაცისტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფინანსებული იყო.