გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის შეფასებით, საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად.
მან, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებას ელოდება, ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
"ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია.
ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება.
საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.