პუტინი ქვეყნიდან გასვლის წესებს ამკაცრებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედრო სამსახურში გამოძახებული რუსებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის მიზნით პასპორტების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
კანონის თანახმად, პირმა, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება და სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო, საზღვარგარეთის პასპორტი უნდა ჩააბაროს რუსეთიდან გასვლის შეზღუდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში. პასპორტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ან მრავალფუნქციური ფედერალური ცენტრი შეინახავს, უცხოეთში გამგზავრებაზე შეზღუდვის ან დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე. ამავე სქემით პასპორტის ჩაბარება მოუწევთ უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფეესბეს“) თანამშრომლებსა და „ფეესბეს“ სამხედრო სამსახურიდან 5 წლის განმავლობაში დათხოვნილ პირებს.
კანონის თანახმად, პასპორტების შენახვის, მიღების, აღრიცხვისა და მესაკუთრისთვის დაბრუნების წესს მთავრობა ადგენს.
აპრილში პუტინმა, ასევე, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლას სამხედრო უწყების მიღებისთანავე უკრძალავს. უწყება ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, სამხედროვალდებულ პირთა ერთიან რეესტრში მისი შეტანიდან შვიდი დღის შემდეგ. ამასთან, ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრო ციფირული უწყებების ჩაშვებას საშემოდგომო გაწვევისთვის გეგმავს, რომელიც, როგორც წესი, 1-ელ ოქტომბერს იწყება. მოქალაქეს, რომელიც ამ უწყებას მიიღებს, რუსეთიდან გასვლა მაშინვე, ანუ სამხედრო კომისარიატში სავალდებულო გამოცხადებამდე აეკრძალება.