მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება 27%-ით გაძვირდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მაღალ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. მაისში თბილისში სულ 3 361 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია 2022 წლის იგივე თვესთან შედარებით. მონაცემებს tbc კაპიტალი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს. მათივე ცნობით, მაისში, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ერთ კვ.მეტრზე, 1 167 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. გასაქირავებელი ფასის ზრდა კი შენელდა.
აპრილთან შედარებით გაქირავების ფასი 1.5%-ით შემცირდა და ერთ კვადრატულ მეტრზე 12.6 დოლარი შეადგინა, თუმცა წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 45%-ით მეტია.
ტრანზაქციების ზრდის ფონზე ბაზრის მოცულობა წლიურად 36%-ით გაიზარდა და 262 მილიონი დოლარი შეადგინა.