ცნობილი ამერიკელი მწერალი კორმაკ მაკარტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ავტორის გამომცემელი ავრცელებს.
Penguin Random House-ის ცნობით, ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ რომანისტად მიჩნეული მწერალი საკუთარ სახლში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში დაიღუპა.
მაკარტის ყველაზე ცნობილი რომანი გზაა, რომელიც მან 2006 წელს გამოსცა. პოსტაპოკალიფსური ჟანრის ნაწარმოები ცივილიზაციის განადგურების შემდეგ მამისა და შვილის მოგზაურობაზე ჰყვება. გზამ ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ჯონ ჰილკოუტმა იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტი გახდა.
მაკარტის საქვეყნოდ ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა ასევე ძმები კოენების ფილმი მოხუცების ადგილი აქ არ არის. ნეოვესტერნის ჟანრის ფილმმა 2008 წელს ოთხი ოსკარი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ როგორც გზა, ასევე მოხუცების ადგილი აქ არ არის, ქართულადაცაა ნათარგმნი.
რომანებთან ერთად, მაკარტის დაწერილი აქვს მოთხრობები, პიესები და კინოსცენარები. ავტორის უკანასკნელი ნაწარმოები, რომანი Stella Maris, გასული წლის დეკემბერში გამოიცა.
მაკარტის სიკვდილს გამოეხმაურნენ სხვა ცნობილი მწერლებიც.
"კორმაკ მაკარტი, რომელიც ალბათ ჩემი დროის უდიდესი ამერიკელი რომანისტი იყო, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ხანგრძლივი ცხოვრებისა და ნაყოფიერი შემოქმედების მიუხედავად, ამ ამბით დამწუხრებული ვარ", — დაწერა სტივენ კინგმა ტვიტერზე