ცნობილი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, ვალენსია იძულებულია კლუბის ერთ-ერთი მთავარი აქტივი - გიორგი მამარდაშვილი - ტრანსფერზე დააყენოს. Radio Marca-ს ეთერში ისიც ითქვა, რომ უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, ვალენსიასთვის ჯერ ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს.
"მარკა" წერს, რომ ტრანსფერზე ერთობლივად მუშაობენ გიორგი მამარდაშვილის ქართველი და ვალენსიელი აგენტები. ინტერესი არის პრემიერლიგის კლუბებიდან (ტოტენჰემი, ასტონ ვილა, ჩელსი, ბრაიტონი, ბარნლი და მანჩესტერ იუნაიტედი), ასევე კონტინენტური გუნდებიდანაც, როგორიც მილანის ინტერია.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ჯერ არ შემდგარა და ყველაფერი დაწყებით სტადიაშია.
"ლა ლიგის სეზონის დასაწყისში მისი სავარაუდო საბაზრო ფასი 50 მილიონი ევრო იყო, მაგრამ შავ-თეთრების რიგებში სიტუაცია ისეთია, რომ ახლა მისი ფასი 20-25 მილიონს არ უნდა გადაცდეს. თუმცა ვალენსიას ჯერ გიორგის ოფიციალური ფასი არ დაუსახელებია", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველ გოლკიპერს "ღამურებთან" 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება. ასევე ცნობილია, რომ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს შეუძლია მისი შეძენა.
მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი გოლკიპერია და მისი აგენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ზაფხულში ვალენსია რომელიმე კლუბისგან აუცილებლად მიიღებს "ღამურებისთვის" დამაკმაყოფილებელ წინადადებას", - აღნიშნავს გამოცემა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას კარს ორი სეზონის განმავლობაში იცავს. ქართველმა მეკარემ ვალენსიას კარი სულ 63-ჯერ დაიცვა და 71 გოლი გაუშვა (18 მშრალი შეხვედრა). ბოლო სეზონში მან ლა ლიგის ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.