რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე, ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა შინაარსს სიცრუეს უწოდებს. როგორც აბაშიძე განმარტავს, სატელეფონო საუბარი ორი წლის წინ მართლაც შედგა, მაგრამ გავრცელებული ჩანაწერი შინაარსობრივად დაჩეხილი და დამონტაჟებულია.
ფაქტს მაშინვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტების აზრით ამ ჩანაწერმა საზოგადოებას ნათლად აჩვენა, სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება აქვს მმართველ პარტიას რუსეთთან.
შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს.
ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული.