მართალია, მადონას ეპატაჟური, ხშირად სკანდალური იმიჯი ზოგს აღაშფოთებს, ზოგს კი, პირიქით - აღაფრთოვანებს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ამერიკელმა მომღერალმა, რომელიც 1980-იან წლებში მხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსი იყო, 1990-იანებში პოპ-მუსიკის დედოფალი გახდა, 2000-იანებში კი, ნამდვილ ლეგენდად იქცა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა თანამედროვე მუსიკის განვითარებაში და რადიკალურად შეცვალა მსოფლიო შოუბიზნესი. თუმცა მადონა, რომელიც კომერციულად ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად დასახელდა და სწორედ ამ სტატუსით შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, არა მხოლოდ მომღერალი, არამედ საკმაოდ საინტერესო რეჟისორი და საბავშვო მწერალია, რომელმაც 20-მდე კრებული მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
მარია ლუიზა ჩიკონე მიჩიგანში დაიბადა ღრმად მორწმუნე კათოლიკეს სილვიო ენტონი ჩიკონეს მრავალშვილიან ოჯახში, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით ცდილობდა რვა შვილის აღზრდას, მით უფრო, ადრე დაქვრივდა და მარტოს მოუწია ოჯახზე ზრუნვა.
მართალია, მარია-ლუიზა, რომელსაც მამა „პატარა ნონის“ ეძახდა, ერთი შეხედვით იდეალური მოზარდი იყო, რადგან სკოლაშიც ბრწყინვალედ სწავლობდა, ჩერლიდერთა გუნდსაც კაპიტნობდა და ბალერინობაზეც ოცნებობდა, მაგრამ ყოველთვის ურჩი და თავნება ბუნტისთავი იყო, რაც ყველაზე კარგად მისმა შემოქმედებამ ასახა, როცა უკვე პროფესიონალ მუსიკოსად შემდგარი, არც ექსპერიმენტებს უფრთხოდა, არც სკანდალებს ერიდებოდა.
აკადემიური მოსწრების მიუხედავად, მადონამ მაინც უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე და გამოსაშვებ გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა სკოლა, რითაც პედაგოგებთან ერთად მამაც ძალიან გაახარა, რადგან დონ სილვიომ მართლაც შვებით ამოისუნთქა, როცა ქალიშვილმა ნიუ-იორკში გადაწყვიტა გამგზავრება. საკუთარ თავში დარწმუნებულ, ზედმეტად ამბიციურ მადონას, რომელსაც მხოლოდ 35 დოლარი ჰქონდა ჯიბეში, გულწრფელად სჯეროდა, რომ სწრაფად დაიპყრობდა მსოფლიო მეგაპოლისს, თუმცა ძალიან შეცდა, რადგან მწირი ფინანსები რამდენიმე დღეში დაიხარჯა, სამუშაოს შოვნა კი, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მომავალ ვარსკვლავს ნაგავსაყრელის ქექვა და ტრაპეზის მაწანწალებთან განაწილებაც კი უწევდა, რადგან მის ერთადერთ შემოსავალს ახალგაზრდა მხატვრებისთვის პოზირება წარმოადგენდა, თუმცა ვერც ამგვარ სამუშაოს შოულობდა სისტემატურად.
უპერსპექტივობის მიუხედავად, სწორედ სიჯიუტე და სითამამე დაეხმარა მადონას ნიუ-იორკის ბოჰემაში გაშინაურებასა და საჭირო ნაცნობების შეძენაში, რომელთა წყალობით სადებიუტო როლი მოიპოვა ახალგაზრდა რეჟისორის სტეფან ლევიცკის ფილმში „კონკრეტული მსხვერპლი“. თუმცა, პირველი წარმატება მოგვიანებით ყველაზე დიდ მარცხად იქცა, რადგან საკმაოდ პროვოკაციული შინაარსის ფილმში მადონამ ნიუ-იორკის კრიმინალური კვარტლის ბინადარი განასახიერა, რომელსაც ტრანსვესტიტთან ცხოვრება და მისი სიძულვილის მოთმენა უწევს.
აღიარების მოპოვების შემდეგ მადონამ სასამართლო წესითაც კი სცადა ფილმის აკრძალვა ძალადობისა და პორნოგრაფიული სცენების სიჭარბის მომიზეზებით, თუმცა საქმე წააგო, სამაგიეროდ ლავიცკი დარჩა მოგებული, რომელიც წლების მანძილზე იხსენებდა ირონიით როგორ ცდილობდა სასოწარკვეთილ მადონა როლის ხელში ჩაგდებას, ჰონორარად კი, მხოლოდ 100 დოლარი მიიღო.
მარცხიანი დებიუტის მიუხედავად, მადონამ მაინც შეძლო რამდენიმე საინტერესო პერსონაჟის შექმნა ფილმებში „დიკ ტრეისი“, „სხეული, როგორც სამხილი“, „ოთხი ოთახი“ და „ევიტა“. სხვათა შორის, მასვე უნდა გაეწია პარტნიორობა კევინ კოსტნერისთვის მელოდრამაში „პირადი მცველი“, თუმცა რეჟისორმა მიკ ჯექსონმა არჩევანი უითნი ჰიუსტონის სასარგებლოდ გააკეთა.
სამოყვარულო ჯგუფებში გამოცდილების შეძენის შემდეგ, 1983 წელს მადონამ პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკუთარი სახელი უწოდა. დებიუტმა არა უბრალოდ გაამართლა, არამედ 1 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა ახალბედა მომღერალს, რაც მეორე ალბომზე მუშაობის საუკეთესო მოტივაციად იქცა. სწორედ 1984 წელს ჩაწერილი ნაკრების Like a Virgin-ის წყალობით მოიპოვა მადონამ მსოფლიო აღიარება და ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლის სტატუსი, რომლის წლიური შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აღემატება. ამასთანავე, კოლეგების უმეტესობისგან განსხვავებით, რომელთა ჰონორარის ძირითადად ალბომებიდან მიღებული მოგება შეადგენს, მადონა ყოველთვის აქტიურად აწყობს საგასტროლო ტურებს. მაგალითად, 2008-2009 წლების ტურნემ მომღერალი 400 მილიონი დოლარით გაამდიდრა, 2012 წელს გამართულმა 88 შოუმ - საერთო ჯამში 20 მილიონ მელომანს მოუყარა თავი, დღევანდელი მონაცემებით კი, მისი კაპიტალი მილიარდ დოლარს აღემატება.
მადონას მრავალმხრივი ტალანტი ლიტერატურაშიც გამოვლინდა. მართალია, პირველი წიგნი S.E.X, რომელიც 1992 წელს გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ ალბომს წარმოადგენდა პროვოკაციული ფოტოებით, მაგრამ 2003 წელს მომღერალმა საბავშვო ლიტერატურაში მოსინჯა შესაძლებლობები და ილუსტრირებული წიგნი „ინგლისური ვარდი“ გამოსცა, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების ნუსხას ჩაუდგა სათავეში.
შესაძლებლობები მოსინჯა მომღერალმა დიზაინშიც, როცა 2010 წელს ჯერ შვედური H&M-ის, მერე ამერიკული Gap-ის ბრენდით გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია მოზარდებისთვის. მართალია, მოდელების შემუშავებაში მადონას საკუთარი შვილი - ლურდესი ეხმარებოდა, მაგრამ კოლექცია იმდენად გამომწვევი და პროვოკაციული გამოვიდა, რომ კრიტიკოსებთან ერთად ყველაზე თამამმა მოზარდებმაც დაიწუნეს, რამაც მომღერალს სამუდამოდ ათქმევინა უარი დიზაინერობაზე.
რა თქმა უნდა, ვარსკვლავების ექსტრავაგანტური ჩვევები დიდი ხანია არავის უკვირს, მაგრამ მადონას მართლაც უჩვეულო ახირება აქვს. როგორც აღმოჩნდა საგასტროლო ტურნეში მომღერალს სპეციალური ჯგუფი დაჰყვება რამდენიმე სპეციალისტის შემადგენლობით, რომელთა მთავარ მისიას მისი გენეტიკური მასალის ანუ დნმ-ის დაცვა წარმოადგენს. ე.წ. აგენტები ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ალაგებენ მომღერლის საგრიმიოროს, პაკეტებში აგროვებენ მის თმის ღერებს და კანის უმცირეს ნაწილაკებს, წმენდენ ნერწყვის წვეთებს და მხოლოდ შემდეგ უშვებენ ოთახში მომსახურე პერსონალს.
მომღერალი, რომელმაც 64 ჰიტს მოუყარა თავი, „გრემის“ შვიდი პრემიის მფლობელია, მის ანგარიშზეა „ოქროს გლობუსიც“ ფილმებისთვის „ევიტა“ და ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“, რომელიც საკუთარი რეჟისურით დადგმული მელოდრამისთვის „ნაპირზე გამორიყულნი" მიიღო.