საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის განრიგი გამოაქვეყნა. „ჯვაროსნები“ 5 ივლისიდან 12 ივლისამდე საქართველოში შეიკრიბებიან და წინა საშეკრებო ვარჯიშს გაივლიან, რის შემდეგაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ. 21 ივლისს საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრუვიზოში გაემგზავრება და იქ დაიწყებს მზადებას, 29 ივლისს კი კვლავ ამ ქალაქში პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ეგვიპტეს შეხვდება. 1 აგვისტოს ქართველები კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდებიან ხოლო 5 აგვისტოს რიგაში ლატვიას. 8 აგვისტოდან ილია ზუროსის გუნდი ვარჯიშს საქართველოშ გააგრძელებს ხოლო 12 აგვისტოდან თბილისში „მერიის თასი“ დაიწყება, სადაც მონტენეგროს იორდანიისა და ირანის ნაკრები გუნდები ჩამოვლენ. 12 აგვისტოს საქართველო იორდანიას შეხვდება, ხოლო 13 ში ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები გაიმართება. 14 აგვისტოს ჩვენი ნაკრები ირანთან გამართავს დახურულ მატჩს, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წამომადგენლების გარეშე ჩატარდება. 17 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკვე იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატამდე დასკვნით ეტაპს გაივლის. მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 22 აგვისტოს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.
F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.