საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 15 ივნისს შეხვდება.
როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ჭიათურაში მაღაროელებს, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში.
„როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს.
მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყეს. მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში სამინისტროს ინიციატივით, შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.