საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას იწყებს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომლის თანახმადაც, შიდა სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ცვლილების შედეგად, საავტომობილო გადაყვანების სფეროში შემდეგი სახის ნებართვები იმოქმედებს: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. შესაბამისად წესდება მოსაკრებლებიც.
პროექტის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი ეღირება, ასევე 500 ლარი იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, თუმცა კანონპროექტით ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდია დაწესებული და 2025 წლის 1-ელ მაისამდე ნებართვის აღება - 100 ლარად იქნება შესაძლებელი; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვა კი, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1 500 ლარი ეღირება.
რაც შეეხება ნებართვის ვადას, პროექტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 500 ლარის ოდენობის მოსაკრებელს და იღებს 5 წლიან ნებართვას. უცხო ქვეყნის გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 1500 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებელს და იღებს ერთი გადაზიდვის განსახორციელებელ ნებართვას.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება.