საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გუნდში 30 მორაგბეა – მათ შორის 17 მორკინალი და ხაზის 13 მოთამაშე. 30 მორაგბიდან 15 ლეგიონერია. გუნდში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ითამაშებს.
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.
ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).
საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, პირველად 2016 წელს ითამაშა, მე-10 ადგილი დაიკავა და ალაფიდან დაწინაურებული პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 2017 და 2019 წლებში საქართველო ასევე მეათე იყო, 2018 წელს კი ჯერჯერობით სარეკორდო მეცხრე ადგილი დაიკავა.