გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კილიან მბაპე არ გამოიყენებს კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულების ავტომატურად, 2025 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს.
მბაპემ ფრანგული ფეხბურთის გრანდთან ხელშეკრულება 2+1 სისტემით გასულ წელს გააფორმა და ამ მოცემულობით, მას კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ამოეწურება.
თავისი პოზიცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „პარი სენ-ჟერმენსაც“ აქვს. კლუბი გეგმავს, მბაპე ან 2025 წლამდე შეინარჩუნოს, ან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას გაყიდოს. თუ ხელმძღვანელებმა ეს ვერ მოახერხეს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონთან მომავალ ზაფხულს ისე მოუწევთ დამშვიდობება, რომ სარგებელსაც ვერ ნახავენ.
ცოტა ხნის წინ დასრულებულ სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ის ასევე გახდა კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი რვა გოლით.
ყველაზე აქტიურად ფრანგი ვარსკვლავის შეძენას 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალი“ ცდილობდა. დიდი ალბათობით, ესპანური კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მასთან მოლაპარაკებებს ისევ დაიწყებს.