ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს, ჩვენი ამომრჩეველია და ძალიან კარგია, დიდი მადლობა, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, მით უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩრდილოვანი მმართველობის კუთხით ჩართული არ არის.
„ვანო მერაბიშვილი არ არის ჩართული არანაირი ჩრდილოვანი მმართველობის კუთხით. აგერ ვართ ჩვენ, ვინც ჩართულები ვართ ძალიან ღიად და გამჭვირვალედ, კრებებით, თათბირებით, პრეზენტაციებით, რეგიონებში გასვლებით, აქციებით, აი, ასე ვმართავთ ყოველდღიურ საკითხებსაც და გრძელვადიან ხედვებსა და პროგრამებსაც ვახორციელებთ და შევიმუშავებთ ხოლმე სამდივნოზე, თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თანამონაწილეებთან ერთად. თუ ვინმე მხარდამჭერია, ძალიან ღიად ამბობს, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილი. ამ პარტიას მხარს უჭერს, ჩვენი ამომრჩეველია და ძალიან კარგია, დიდი მადლობა, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, მით უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გამართულ კონფერენციასა და მასზე ნიკა მელიას არ დასწრების მიზეზებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, რთული წარმოსადგენია ნიკა მელიასთან ერთ დარბაზში დასხდნენ და საკუთარ ხედვებზე ისაუბრონ.
„კაცი, რომელიც გლანძღავს დღე და ღამე „ქოცებზე“ უფრო მეტად, თავს პრაქტიკულად პარტიის მიღმა აყენებს, შენთან შეტევით არის დაკავებული და მთელი ფოკუსი და ისრები მომართული აქვს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და არა „ქართული ოცნებისკენ“, თავისი ძალისხმევის 80% აქეთ არის, 20% იქით, რანაირად წარმოგიდგენიათ, რომ ერთ დარბაზში დავსხდეთ და მომავლის ხედვებსა და განვლილ რეფომებზე ერთად ვისაუბროთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის ისაა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან "გაწევას" ცდილობდა.
„მელია ბევრი წლით ადრე პირდაპირ საჯარო განცხადებებით შეიძლება ეთერში არ დამჯდარიყო და ასე არ მოეყოლა, როგორც მე თქვენ გეუბნებით, მაგრამ ამომრჩეველი გრძნობდა ამას, დახურულ კარს მიღმა მის რიტორიკაში, მის საუბრებში ეს იგრძნობოდა. ბოლოს მივიდა იქამდე, რომ აღარ არის ლიდერი, აღარ არის თავმჯდომარე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღარ არის თავმჯდომარე იყო ის, რომ პარტიის გამოწევა უნდოდა მიშასგან და სხვა მიმართულებით წაყვანა, რაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არასწორია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.