კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად მდინარე დნიპროს მიმდებარე ტერიტორიებზე წყალდიდობის ზონაში წყლის დონე კლებას განაგრძობს, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი თქმით, მდინარის უკრაინის მიერ კონტროლირებად დასავლეთ სანაპიროზე წყალი 64 სანტიმეტრით შემცირდა, მაგრამ ამ დროისთვის, დატბორილი რჩება თითქმის 50 დასახლება - 32 უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 14 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე.
პროკუდინის თქმით, დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 3 700-ზე მეტი სახლი დაიტბორა და იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალები საარტილერიო დაბომბვას განაგრძობენ, მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.
„მდინარის დასავლეთ სანაპიროდან 2700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი გამოიყვანეს“, - აღნიშნა პროკუდინმა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროს, მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ დატბორილი ტერიტორიებიდან 7100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.