2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ანასტასია ვასაძე წარადგენს. 11 წლის მომღერალი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის, რანინას, მეექვსე სეზონის გამარჯვებული გახდა და საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსიც ასე მოიპოვა.
ამ დროისთვის უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ანასტასია საბავშვო ევროფესტივალზე, რომელიც 26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება.
საფრანგეთმა ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ერევანში გამართულ კონკურსზე გამარჯვებით მოიპოვა. ნიცაში კი წლევანდელი ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. საბავშვო ევროვიზია 2023-ზე მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის 13-მა ქვეყანამ გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და ამ დრომდე რჩება კონკურსის რეკორდსმენად სამი გამარჯვებით. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.