უკრაინული მედია ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 ჯარისკაცი გაათავისუფლა. ამავე ცნობის თანახმად, გათავისუფლებულებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი, ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური არიან. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი რიგითები და სერჟანტები არიან.
საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ შესაძლებელი გახდა დამცველების დაბრუნება, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულებს შორის „აზოვსტალის“ და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ასევე, ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდანაც არიან.