პარლამენტი, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს , რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება. კანონის პროექტს 12 ივნისის სხდომაზე ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება. კანონის პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.