თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი მილანთან სტუმრად ჩაატარა და 82:92 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბი პირველ ტაიმში 10 ქულის სხვაობითაც კი იგებდა, თუმცა, მე-2 ნახევარი 18 ქულით წააგო და გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (18) ჰქონდა. თორნიკემ 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. თორნიკემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში 19 ქულით ვეტერანი მარკო ბელინელიც გამოირჩა, მილანს კი 22 ქულით შაბაზ ნაპიემ ულიდერა. ფინალური სერიის მე-2 მატჩი 11 ივნისს შედგება, რის შემდეგაც დაპირისპირება ბოლონიაში გადაინაცვლებს.