2022/23 წლების საფეხბურთო სეზონის კულმინაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ გაარკვევენ. „ქალაქელები“ სანუკვარ მიზანთან ასე ახლოს მეორედ არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ჩელსისთან“ მომხდარი თავიდან აირიდონ. მატჩს სტამბულში მდებარე ათათურქის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სასტარტო ნიშანს კი თბილისის დროით 23:00 საათზე გავიგონებთ.
„სიტიმ“ სეზონი ფენომენალურად დაასრულა და პრემიერ ლიგის ბოლო 15 თამაშიდან 12 მოიგო. „ქალაქელები“ ინგლისის ჩემპიონები 5-ქულიანი უპირატესობით გახდნენ და 3 ივნისს, ასოციაციის თასიც მოიგეს. თასის ფინალში პეპ გუარდიოლას შეგირდები „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდნენ და ილქაი გიუნდოგანის დუბლით 2:1 იმარჯვეს.
„სიტის“ ისტორიული შანსი აქვს და ტრებლის გაფორმება შეუძლია. თუ „ქალაქელებმა“ „ინტერი“ დაამარცხეს, ევროპულ ფეხბურთში მე-10 შემთხვევა იქნება, როცა კლუბი ერთ სეზონში 3 ტიტულს მოიგებს.
ფინალურ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება „ინტერიც“. „ნერაძურიმ“ სეზონი 10-დან 9 მოგებული მატჩით დაასრულა და სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი მე-3 ადგილზე ჩაამთავრა. „ინტერმა“ კოპა იტალიის ფინალში „ფიორენტინას“ სძლია და დუბლის გაფორმების შანსი აქვს. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 გუნდია, რომელმაც ტურნირზე გამართული პირველი მატჩი წააგო, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად პირველად ხვდებიან.