პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.
„დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას განაპირობებს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას დაემთხვევა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას უკავშირდება. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ.
“პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.
მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
“ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.