„როლან გაროსის“ ქალთა თანრიგში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ტიტულისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას რეიტინგის 43-ე ნომერი, კაროლინა მუხოვა და პირველი ნომერი, იგა შვიონტეკი მიიღებენ.
მუხოვამ ფინალის საგზური არინა საბალენკას დამარცხებით მოიპოვა, რომელსაც სამ სეტში მოუგო - 7:6(5), 6:7(5), 7:5. გადამწყვეტ სეტში, ჩეხი ჩოგბურთელი 2:5-ს აგებდა და საბალენკას მატჩბოლიც ჰქონდა, თუმცა მუხოვამ სასწაული მოახდინა, მატჩი შემოატრიალა და მომდევნო 5 გეიმი დაისაკუთრა.
მეორე ნახევარფინალურ წყვილს რაც შეეხება, შვიონტეკმა ბიატრის ჰადად მაიას სძლია და მეტოქეს ორ სეტში მოუგო. პოლონელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა და 6:2 მოიგო, მეორე პარტიაში კი გაუჭირდა და გასამარჯვებლად ტაიბრეიკი დასჭირდა - 7:6 (9:7).
ცნობისთვის, მუხოვასა და შვიონტეკის დაპირისპირება ზეგ, 10 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.