„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ცოტა ხნის წინ დასრულებული სეზონის გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გამოკითხვაში, რომელიც Radio Plaza-მ ჩაატარა, გუნდის ქომაგები მონაწილეობდნენ.
გამოცემის თანახმად,, ქართველი მეკარე ამ გამოკითხვის მესამე გამარჯვებულია და მან ამ ნომინაციაში გასული სეზონის გამარჯვებული, პორტუგალიელი თავდამსხმელი, გონსალო გედეში ჩაანაცვლა, რომელმაც წინა ორი სეზონის გამოკითხვა მოიგო. გიორგი გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა. ახლახანს დასრულებულ სეზონში კი მისი როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზარდა.
რადიო პლაზა წერს, რომ გუნდის არასტაბილური თამაშის მიუხედავად, მამარდაშვილი ბევრ თამაშში „ღამურების“ დაცვის მთავარი ფიგურა იყო. ის 32 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და დიდი უპირატესობით გაასწრო მეორეადგილოსან სამუელ ლინოს, რომელმაც 23 ქულა მიიღო. გიორგიმ რადიოს სპორტული პროგრამის დირექტორის, პაკო პოლიტესგან სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებისთვის სამახსოვრო პრიზი მიიღო.