Vanish, ტანსაცმლის მოსავლელი პროდუქციის ბრენდი, თავის უახლეს სარეკლამო კამპანიაში აუტიზმის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს ებრძვის. გუნდმა, კრეატიულ სააგენტო Havas London-თან ერთად, აუტისტი გოგონას გამოცდილებაზე ააგო სიუჟეტი, რადგან ამ დიაგნოზთან მიმართებითაც კი არსებობს გენდერული სტერეოტიპები — Ambitious About Autism-ის კვლევის თანახმად, გოგონებს სამჯერ ნაკლებად უსვამენ აუტიზმის დიაგნოზს, ვიდრე ბიჭებს.
სტერეოტიპების დამსხვრევა
ცხადია, ბრენდს აუტიზმთან დაკავშირებული ნიუანსები საკუთარ პროდუქციაზე უნდა მოერგო და ამის გავლით ეცადა თუნდაც სტერეოტიპების დამსხვრევა. ფილმში, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა ტომ ჰუპერმა გადაიღო, ეშის ისტორიის მონაწილეები ვხდებით. მას აუტიზმის დიაგნოზი გამოვლენიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუსვეს — მშობლებისა და მეგობრების თქმით, მათ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, რომ აუტიზმი ძირითადად ბიჭებს ემართებათ. ამიტომაც უგულებელყოფდნენ თავიდან სიმპტომებს.
რაც შეეხება უშუალოდ „ვენიშის“ როლს, როგორც ბრენდი კვლევებზე დაყრდნობით ირწმუნება, აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის „ტანსაცმელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“. კერძოდ, ისეთი პერსონალური ნივთები, როგორიცაა საყვარელი მაისური, კომფორტისა და სამყაროში ადვილად ნავიგაციის წყაროა. შესაბამისად, აუცილებელია მათი სათანადოდ მოვლა და ახალივით შენარჩუნება.