აპრილში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა და მხოლოდ 2 705 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. ამის შესახებ, საინვესტიციო ბანკი Galt & taggart-ი წერს. მათივე ცნობით, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 25%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასაყიდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გაყიდული ბინების შემცირებულმა რაოდენობამ მთლიანი ბაზრის თითქმის 17%-იანი შემცირება გამოიწვია და აპრილში 176 მლნ დოლარს მიაღწია. მაშინ, როცა მარტში თბილისში თითქმის 225 მლნ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა.
Galt & taggart-ის ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში უმეტესად საშუალო ზომის საცხოვრებელი გაიყიდა. კერძოდ, გაყიდვების 45% ამ ტიპის საცხოვრებლებზე მოდის, 31% კი - პატარა ზომის სახლებზე. გაყიდვების დიდი ნაწილი - 18%-ზე მეტი კვლავ საბურთალოს რაიონზე მოდის, რომელსაც მოჰყვება დიდი დიღომი და სამგორი. აპრილში ისევ გაიზარდა გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი და წლიურმა ზრდამ 52%-ს გადააჭარბა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვლიდან თვიურ ჭრილში ქირის ფასი მცირდება.
Galt & taggart-ში აცხადებენ, რომ 2023 წლიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ქირაზე ფასი იზრდება. მოთხოვნის კუთხით გავლენას ახდენს შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, ძლიერი ლარი, ხოლო მიწოდების ნაწილში სტაბილური სამშენებლო ხარჯები.ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ენერგოეფექტურობაზე დაანონსებული რეგულაციები საცხოვრებელ უძრავი ქონების ფასზე დამატებითი წნეხი იქნება.