დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს, დაშავდა კიდევ 4 ბავშვი, რომელთა ასაკი 3, 4, 9 და 13 წელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე და დონეცკის ოლქის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და 13 წლის კიდევ ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავები წინასწარ გამოძიებას ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აწარმოებენ. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.