უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.
უწყების ცნობით, ოკუპანტები არ იყვნენ მზად კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.
კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და მომხდარს ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულ აქტს უწოდებს.
შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.