„განვლილი გზა - სწორედ ესაა ნამდვილი ჯილდო!“ - აღნიშნა თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პერსონამ სტივ ჯობსმა - ამერიკელმა მეწარმემ და გამომგონებელმა, რომელიც უზარმაზარი ქონების მოხვეჭისა და უძლიერესი იმპერიის შექმნის მიუხედავად, მაინც სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ახლის შექმნასა და უკვე შექმნილის გაუმჯობესებას.
სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან-ფრანცისკოში, თუმცა არა ბიოლოგიურ მშობლებთან, არამედ მეურვე ოჯახში გაიზარდა. მისმა ნამდვილმა მამამ - სირიელმა აბდულფატაჰ ჯანდალიმ ვისკონსინის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო ამერიკელი ჯოანა შიბლი და პირველივე ნახვით მოიხიბლა, „მართლა ძალიან მიყვარდა, თუმცა ოჯახმა არ მისცა უფლება გამომყოლოდა ცოლად, რადგან მე სირიელი ვიყავი, ის კი, ამერიკელი. უნივერსიტეტში ვსწავლობდით, როცა ჯოანამ ორსულობის შესახებ მითხრა და ჯერ არ დაბადებული ბავშვის გაშვილების გადაწყვეტილება მიიღო, მერე კი, გაფრთხილების გარეშე გაემგზავრა სან-ფრანცისკოში“, - გაიხსენა 2011 წელს გაზეთ Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 80 წლის ჯანდალიმ, რომელმაც საბოლოოდ მაინც იქორწინა ახალგაზრდობის სიყვარულზე და ქალიშვილი მონაც შეეძინა, თუმცა ქორწინება და დიდი სიყვარული რამდენიმე წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა.
სხვათა შორის, ჯანდალიმ, რომელმაც საკმაოდ გვიან შეიტყო შვილის წარმატების შესახებ, რამდენჯერმე მისწერა სტივს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „ნამდვილად არაფერი მაქვს მისთვის სათქმელი, არავის განაწყენება არ მინდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა თემაზე უნდა ვესაუბრო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ“, - თავი იმართლა ჯობსმა, რომელმაც მართალია, უარი თქვა ბიოლოგიური მშობლების მიღებაზე, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ურთიერთობდა დასთან.
სტივი 27 წლის იყო, როცა ბიოლოგიური და გაიცნო. მონა სიმპსონი ცნობილი მწერალი და სცენარისტია, რომლის სადებიუტო რომანის „სადაც გინდა, ოღონდ აქ არა“ ეკრანიზაცია უეინ ვანმა განახორციელა 1999 წელს, მთავარი როლები კი, სიუზან სარანდონმა და ნატალი პორტმანმა შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სიმპსონის ყველა წიგნი გარკვეულწილად ბიოგრაფიულია, რადგან რომანის „სადაც გინდა, ოღონდ აქ არა“ მთავარი გმირი - ქმრისგან მიტოვებული ქალია, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის ქალიშვილს, „დაკარგული მამა“, ახალგაზრდა ქალზე მოუთხრობს მკითხველს, რომელიც უშედეგოდ ეძებს მამას, „ჩვეულებრივი ბიჭი“ კი - ე.წ. სილიციუმის ველის მაგნატის ქალიშვილთან ურთიერთობას მიეძღვნა და ერთგვარ მინიშნებად იქცა სტივზე, რომელიც წლების მანძილზე ამბობდა უარს შვილის - ლიზა ბრენანის აღიარებაზე.
1975 წელს, კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ კომპანიაში Atari-ში მუშაობისას, ჯობსმა ვიდეოთამაშის Breakout-ის სისტემური დაფის შექმნის დავალება მიიღო, თუმცა, არც კოდების წერა იცოდა, ვერც ბეჭდვითი დაფების დიზაინში ერკვეოდა. დახმარებისთვის ჯობსმა ახლად გაცნობილ სტივ ვოზნიაკს მიმართა, სანაცვლოდ კი, ჰონორარის ნახევარი შესთავაზა, ვოზნიაკმა სიხარულით მიიღო შეთავაზება და მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიგო, რომ გაჟღერებული 700 დოლარის ნაცვლად, ჯობსს მთელი 5 ათასი დოლარი გადაუხადეს.
თაღლითობის მიუხედავად, სწორედ მაშინ დაიწყო გიგანტი კომპანიის Apple-ის დამფუძნებლების მეგობრობა, რომლებიც მეტად უცნაურად ერთობოდნენ - ახალ მოწყობილობებს იგონებდნენ სატელეფონო სისტემის გასატეხად და ნებისმიერ ნომერზე რეკავდნენ. სწორედ ამგვარ ხუმრობად იქცა ზარი ვატიკანში, როცა ვოზნიაკმა ჰენრი კისინჯერად გაასაღა თავი და რომის პაპთან გასაუბრება მოითხოვა, თუმცა პაპის რეზიდენციაში ახალგაზრდა გამომგონებელს ხუმრობას მიუხვდნენ და მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
მართალია, Atari-ს თანამშრომლების მოთხოვნით ჯობსი სწრაფად გააძევეს კომპანიიდან, მაგრამ ვოზნიაკთან მეგობრობა მაინც წლების მანძილზე გაგრძელდა. სხვათა შორის, კოლეგებმა სტივს ჰიგიენის ნორმების დარღვევისთვის უჩივლეს, რადგან როგორც აღმოჩნდა, ჯობსი ძალიან იშვიათად იღებდა შხაპს, ოფისში კი, მუდამ ფეხშიშველი დაიარებოდა.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, კომპანია Apple არა ორმა, არამედ სამმა კომპანიონმა - სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააარსეს. ამასთანავე, სწორედ უეინმა შეიმუშავა ბრენდის პირველი ლოგოტიპი, თუმცა ორკვირიანი თანამშრომლობის შემდეგ სულ რაღაც 800 დოლარად მიჰყიდა ყოფილ კომპანიონებს საკუთარი 10-პროცენტიანი წილი.
უცნაურია, მაგრამ ჯობსის პირველი მაგიდის კომპიუტერი - უზარმაზარი მოწყობილობა, რომელიც 1976 წელს შეიქმნა, დღესაც გამართულად მუშაობს. მეტიც, Apple-1-ის იშვიათი მოდელი, 2 წლის წინ გაიყიდა Christie’s-ის აუქციონზე 470 ათას დოლარად.
საკუთარი კომპანიიდან ჯობსი 1985 წელს გაათავისუფლეს. მართალია, მომხდარს სტივმა ნამდვილი გამართლება უწოდა, რადგან ზედმეტად ბევრ დროსა და ენერგიას ართმევდა Apple-ის ხელმძღვანელობა, რაც თავის მხრივ, ხელს უშლიდა შემოქმედებით ექსპერიმენტებში, მაგრამ 1997 წელს ისევ უკან მოუწია დაბრუნება და ზარალიანი კომპანიის უკვე გენერალური დირექტორის რანგში აღორძინება. სხვათა შორის, სწორედ Apple-ის საქმეებისგან გათავისუფლებულმა შეიძინა ჯობსმა ანიმაციური სტუდია Pixar 5 მილიონ დოლარად ჯორჯ ლუკასის კომპანიისგან, რამდენიმე წლის შემდეგ კი, Disney-ს მიჰყიდა ორჯერ უფრო ძვირად.
Apple-ის პროდუქციის ლაკონური დიზაინის შემუშავების შემდეგ, ჯობსი საკუთარ ჩაცმულობაზეც დაფიქრდა და სპორტული ფეხსაცმლის, ჯინსის შარვლისა და შავი როლინგის მეტად სადა სტილი შეარჩია. სხვათა შორის, როლინგის დიზაინზე ნოვატორმა იაპონელმა მოდელიორმა ისეა მიაკემ იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ მოდური უნიფორმის ტარების იდეა ჯობსს 1980-იანი წლების ბოლოს, ტოკიოში მოგზაურობის და Sony-ის შტაბ-ბინის სტუმრობისას გაუჩნდა, რომლის თანამშრომლები სწორედ მიაკეს მიერ შემუშავებული მინიმალისტური სტილის სამოსს ატარებდნენ. სტივი იმდენად მოიხიბლა იაპონელი კოლეგებით, რომ ანალოგიური უნიფორმის შემუშავება სთხოვა დიზაინერს Apple-ის თანამშრომლებისთვის.
„ამერიკაში რამდენიმე ნიმუშით დავბრუნდი, რომლებიც კომპანიაში წარვადგინე და ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენც მსგავს სამოსს ვატარებდით, თუმცა ინიციატივა ყველამ დაიწუნა და საპასუხოდ მხოლოდ დაცინვა მივიღე“, - გულდაწყვეტით გაიხსენა ჯობსმა, რომელიც ვერაფრით შეელია საკუთარ იდეას და თვითონ მოირგო სხვების ათვალწუნებული უნიფორმა, მით უფრო, რომ მისივე მტკიცებით, სწორედ მსგავსი სამოსი უსვამდა ხაზს საფირმო ინდივიდუალურობას და უქმნიდა ყოველდღიურ კომფორტს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში მის გარდერობში 1000-ზე მეტი როლინგი დაგროვდა.
პორტლანდში, რიდ-კოლეჯში სწავლისას, სადაც მომავალი კომპიუტერული ინჟინერი დენიელ კოტკე გაიცნო, ჯობსი ჯერ ჰიპების სუბკულტურამ გაიტაცა, მერე ძენ-ბუდიზმა. მეტიც, სტივი აქტიურად მიმართავდა მედიტაციას და მოიხმარდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რომლებიც მისი მტკიცებით წარმოსახვას აძლიერებდა. კოლეჯში სწავლისას მოსინჯა ჯობსმა შიმშლის თერაპიაც, თუმცა საბოლოოდ მაინც ვეგეტარიანობა არჩია.
მართალია, 1974 წელს ჯობსი ინდოეთში გაემგზავრა სულიერი სამყაროსა და ჭეშმარიტების საძიებლად, მაგრამ გზად დიზინტერიით დაავადდა, 15 კილოგრამი დაიკლო წონაში და სამუდამოდ დაიზიანა ჯანმრთელობა, თუმცა ბევრად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა ამგვარი მსხვერპლი, როცა გაიგო, რომ გურუ, ვისთან შეხვედრასაც ნატრობდა, რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა.
ჯობსი ადრეული ბავშვობიდანვე იშვიათი თავდაჯერებით გამოირჩეოდა, რაც ბევრს თავხედობად მიაჩნდა და აღიზიანებდა. 12 წლის სტივმა, რომელსაც რადიოდეტალები დააკლდა, დაუფიქრებლად დაურეკა უილიამ ჰიულეტს - სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის ცნობილი კომპანიის Hewlett-Packard-ის დამფუძნებელს და სწორედ მას სთხოვა დახმარება, „მე სტივ ჯობსი ვარ და მაინტერესებს სურვილი ხომ არ გაქვთ დამეხმაროთ სათადარიგო ნაწილებით, რომლებიც სიხშირის მრიცხველის აწყობისას დამაკლდა“, - დაინტერესდა სტივი და ზუსტად ის პასუხი მიიღო, რომელსაც ელოდა - ჰიულეტმა არა მხოლოდ საჭირო დეტალები გაუგზავნა უსასყიდლოდ, არამედ არდადეგებზეც მიიწვია საკუთარ კომპანიაში სამუშაოდ.
ჯობსმა არა მხოლოდ გამოგონებებით, არამედ უმძიმესი ხასიათითაც გაითქვა სახელი. მეტიც, 1993 წელს ჟურნალმა Fortune-მა ბიზნესმენს პირველი ადგილი მიუჩინა ამერიკის ყველაზე რთული ტოპ-მენეჯერების რეიტინგში.
ჯობსის ცნობილ ახირებად იქცა უნომრო ავტომობილით მოძრაობაც. სტივი ჯიუტად უარობდა ვერცხლისფერ „მერსედესზე“ ნომრის მორგებას, ჯარიმისგან თავის დასაღწევად კი, ყოველ ექვსი თვეში ცვლიდა ავტომობილს, რადგან კალიფორნიის კანონის თანახმად, სწორედ 6 თვე აქვს მფლობელს ახალი მანქანისთვის ნომრის მისაღებად.
მელომან ჯობსს მეტად უჩვეულო მუსიკალური გემოვნება ჰქონდა, რადგან ერთნაირი სიამოვნებით უსმენდა როგორც კამერულ მუსიკას და ბახის საორღანო ნაწარმოებებს, ისე ჯონ ლენონისა და ბარბარა სტრეიზანდის შემოქმედებას. მეტიც, მეუღლესთან - ლორენ პაუელთან შეხვედრამდე სტივს ფოლკ-მომღერალთან ჯოან ბაეზთანაც ჰქონდა რომანი, „სერიოზული ურთიერთობა მეგობრებს შორის, რომელთაც შემთხვევით შეუყვარდათ ერთმანეთი“, - სწორედ ასე აღწერა ჯობსმა საკუთარი გრძნობები, თუმცა მისმა მეგობარმა ელიზაბეტ ჰოლმსმა სრულიად განსხვავებულად შეაფასა მისი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ „სტივი მხოლოდ იმიტომ ხვდებოდა ჯოანას, რომ მანამდე ბობ დილანის საყვარელი იყო, ჯობსი კი, ყოველთვის ეთაყვანებოდა დილანს და მის მუსიკას“.
ჯობსი, რომელმაც პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნა და 25 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა, უამრავ ჯილდოს ფლობდა. გამომგონებელმა არა მხოლოდ ნაციონალური მედალი დაიმსახურა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, არამედ „გრემის“ პრემიაც მიიღო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გინესის რეკორდების წიგნში კი, ყველაზე მოკრძალებული დირექტორის სტატუსით შევიდა, რადგან მისმა ხელფასმა მხოლოდ ერთი დოლარი შეადგინა წელიწადში.
მართალია, 2003 წელს ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ოპერირება შესთავაზეს, მაგრამ სტივმა არაფრად ჩააგდო ექიმების რჩევა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ალტერნატიული მედიცინა - ჰომეოპათიური პრეპარატები, აკუპუნქტურა და ვეგეტარიანული დიეტა განკურნავდა. სამწუხაროდ, ჯობსის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა, რამაც 9-თვიანი უშედეგო თვითმკურნალობის შემდეგ ისევ ოპერაციას დათანხმება აიძულა, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა საკუთარ სახლში კალიფორნიაში.