ამერიკელი მუსიკოსი, რომლის თამამმა ექსპერიმენტებმა არა მხოლოდ ახალი მიმდინარეობა შექმნა, არამედ თანამედროვე მუსიკალურ კულტურას ჩაუყარა საფუძველი, სამართლიანად ითვლება როკ’ენ’როლის ფუძემდებლად, რადგან სწორედ ჩაკ ბერის დაესესხა მუსიკოსთა ახალგაზრდა თაობა ელექტროგიტარაზე დაკვრის სახასიათო მანერას, სასცენო და საშემსრულებლო სტილს. მეტიც, სწორედ ბერიმ განსაზღვრა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მუსიკა, როცა ე.წ. „შავი“ და „თეთრი“ კულტურა გააერთიანა.
ჩარლზ ედვარდ ანდერსონ ბერი 1926 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა მისურის შტატში, საშუალო ფენის ოჯახში. მისი დედა - მარტა ბერი შავკანიანთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთნებოდა, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო და სკოლის დირექტორად მუშაობდა, მამა - ჰენრი ბერი კი, დურგალი იყო, თუმცა დიაკვნად მსახურობდა ბაპტისტურ ეკლესიაში. სწორედ საეკლესიო გუნდში შეიძინა მცირეწლოვანმა ჩარლზმაც პირველი მუსიკალური გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ 1930-იან წლებში სენტ-ლუისი მკაცრად სეგრეგირებულ ქალაქად ითვლებოდა, კვარტალი კი, სადაც ბერის ოჯახი ცხოვრობდა, იმდენად იზოლირებული იყო, რომ 3 წლამდე ჩაკს წარმოდგენაც არ ჰქონდა რასობრივ თავისებურებებზე. პირველი ნაცნობობა თეთრკანიანებთან ხანძრის დროს შედგა, როცა გაოგნებულმა ჩაკმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, რადგან ჩათვალა, რომ უცნაურ ადამიანებს შიშისგან გაუთეთრდათ სახეები და ძალიან მოუნდა ახლოს მისვლა და მათი დეტალურად შესწავლა.
ბერიმ ბავშვობაშივე მრავალმხრივი ნიჭი გამოავლინა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მუსიკა მოსწონდა, მით უფრო, რომ ადრეული ასაკიდანვე სწავლობდა გიტარაზე დაკვრას ჯაზის ადგილობრივ ლეგენდასთან აირა ჰარისთან. მუსიკალური ინტერესების ფონზე ნაკლებად შთამბეჭდავი იყო მისი აკადემიური მოსწრება, რადგან როგორც თავად აღნიშნა მოგვიანებით, ზედმეტად მკაცრმა გარემომ და დისციპლინის მოთხოვნამ ცოდნის მიღების ყველანაირი სურვილი დაუკარგა.
1944 წელს, მეგობრებთან ერთად სკოლის მიტოვების შემდეგ, ჩაკმა იმპროვიზირებული მოგზაურობა მოაწყო კალიფორნიაში, თუმცა მოზარდებმა მხოლოდ კანზას-სითიმდე ჩააღწიეს, სადაც რამდენიმე დოლარად შეიძინეს დაზიანებული პისტოლეტი და მისი მოსინჯვა მოინდომეს. იარაღის მუქარით მეგობრებმა ჯერ საცხობი, ტანსაცმლის მაღაზია და სადალაქო გაძარცვეს, პოლიციის დადევნების შემდეგ კი ავტომობილი გაიტაცეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დანებება და სამართალდამცავებს ჩაბარება არჩიეს.
მოზარდებმა მაქსიმალური სასჯელი - 10-წლიანი პატიმრობა მიიღეს და არავინ გაითვალისწინა, რომ ბერი მეგობრებთან ერთად არასრულწლოვანი იყო და პირველად ჩაიდინა დანაშაული. მართალია, სანიმუშო ქცევისთვის ჩაკმა სამ წელიწადში დატოვა ციხე, მაგრამ არც საპატიმროში დაკარგა დრო უქმად, რადგან სწორედ გისოსებს მიღმა შექმნა პირველი კვარტეტი. თუმცა, სენტ-ლუისში დაბრუნებულს დროებით მუსიკაზე უარის თქმა მოუწია, რადგან ჯერ მამასთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე, მერე ადგილობრივ ავტოქარხანაში დამლაგებლად, ბოლოს კი, ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი.
მუსიკალური კარიერა ბერიმ 1951 წელს დაიწყო, როცა ყოფილი კლასელის ტომი სტივენსის მიწვევით შეუერთდა მის ჯგუფს. მართალია, ახალბედა მუსიკოსები მხოლოდ სენტ-ლუისის შავკანიანთა ღამის ბარებში მუზიცირებდნენ, მაგრამ ბერიმ მაინც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან მისი ნებისმიერი გამოსვლა ნამდვილ სანახაობას ემსგავსებოდა. ერთი წლის შემდეგ ბერი ადგილობრივი ჯაზმენის ჯონი ჯონსონის ტრიოს შეუერთდა, 1955 წელს კი, ლეგენდარულ ბლუზ-მუსიკოსს მადი უოტერსს დაუმეგობრდა, რომელმაც ხმისჩამწერი სტუდიის Chess Records-ის მფლობელი ლეონარდ ჩესი გააცნო.
გამოცდილმა პროდიუსერმა ახლად შექმნილი კომპოზიციის Maybellene-ის მოსმენისთანავე შესთავაზა ბერის კონტრაქტის გაფორმება და არც შეცდა. სიმღერა სწრაფად დაწინაურდა R&B-ისა და პოპ-მუსიკის ჩარტებში. მეტიც, ბლუზისა და ქანთრის ორიგინალურად შერწყმის წყალობით, კრიტიკოსები სწორედ Maybellene-ს მიიჩნევენ როკ’ნ’როლის პირველ ნამდვილ კომპოზიციად.
არ დააყოვნა არც შემდეგმა ჰიტმა Roll Over, რასაც მალე კომპოზიციები Beethoven, Too Much Monkey Business და Brown-Eyed Handsome Man მოჰყვა, რომელთა წყალობით ბერიმ არა მხოლოდ სიახლე შემატა მუსიკალურ სამყაროს, არამედ თეთრკანიანი ახალგაზრდების პატივისცემაც დაიმსახურა, ისე რომ არც შავკანიან თაყვანისმცემელთა სიმპათია დაკარგა, რადგან ბლუზისა და R&B-ის მუსიკალური ჟანრების გაერთიანებით იმ უნივერსალურ თემებზე შეძლო საუბარი, რომლებიც ნებისმიერი რასის წარმომადგენლისთვის აღმოჩნდა საინტერესო, „მე მათთვის ვქმნი, ვისაც ჩემი მუსიკა მოსწონს და არასდროს ვინტერესდები მათი კანის ფერით“, - ხშირად იმეორებდა მუსიკოსი, რომლისთვის შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რასობრივი ცრურწმენები და დაპირისპირება.
მარცხი ჩაკ ბერიმ 1961 წელს, პრაქტიკულად წარმატების პიკზე განიცადა, როცა „ამორალური მიზნებისთვის“ არასრულწლოვანი მექსიკელი გოგონას საზღვარზე არალეგალურად გადმოყვანის მეტად უცნაური ბრალი წაუყენეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რა თქმა უნდა, ციხიდან გათავისუფლებულმა მუსიკოსმა მუზიცირება გააგრძელა და ახალი ჰიტები - Nadine, You Can Never Tell, Promised Land და Dear Dad ჩაწერა, თუმცა ძველი პოპულარობა მაინც ვერ დაიბრუნა. 1979 წელს ბერიმ ალბომი Rock It გამოუშვა,
რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი ჩანაწერი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.
მართალია, ბერი ტრადიციულ საღამოებს მართავდა სენტ-ლუისში, საკუთარი კლუბის Blueberry Hill-ის სცენაზე და რამდენიმე მასშტაბური ტურნეც მოაწყო, მაგრამ მის გამოსვლებს ის ორიგინალურობა და მაგნიტური ენერგია აკლდა, რომლითაც 1950-იანი წლების პუბლიკა მოხიბლა. მეტიც, ახლობლების განცხადებით, საპატიმროდან მუსიკოსი აბსოლუტურად შეცვლილი გამოვიდა, „თითქოს რაღაც გატყდა მასში, გამთელება კი შეუძლებელი აღმოჩნდა“, - სინანულით აღნიშნა მისმა ახლო მეგობარმა.
1985 წელს მუსიკოსი, რომელმაც 51 სინგლი და 20 სტუდიური ალბომი გამოუშვა, „გრემის“ პრემიით დაჯილდოვდა, ერთი წლის შემდეგ კი, როკ’ნ’როლის დიდების დარბაზში მოხვდა. აღსანიშნავია ის გავლენა, რომელიც ბერიმ შემდეგი თაობის მუსიკოსებზე მოახდინა. მეტიც, კიტ რიჩარდსის აღიარებით, სწორედ მან განსაზღვრა ჯგუფების Rolling Stones-ის, Beach Boys-ის, Beatles-ის სტილი და მუსიკალური გემოვნება.
2017 წელს ბერიმ უკანასკნელი ალბომი Chuck გამოუშვა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა. „ძვირფასო, მე ვბერდები! ძალიან დიდხანს ვიმუშავე ალბომზე, ახლა კი, შემიძლია დავისვენო!“ - სწორედ ამგვარი მიძღვნა წაუმძღვარა მუსიკოსმა ჩანაწერს, რომელიც ერთგვარ დამშვიდობებად იქცა, რადგან რამდენიმე თვეში - 2017 წლის 18 მარტს გარდაიცვალა.