ვაქცინაციის კალენდარი გულისხმობს ვაქცინაციით მართული ინფექციების საწინააღმდეგო აცრების ნუსხას, მათ ვადებსა და თანამიმდევრობას, ყველა ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, საკუთარი აქვს. საქართველოში წარმოებს გეგმური ვაქცინაცია ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჰემოფილუსის ჩხირის, B ჰეპატიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას წინააღმდეგ. მოზარდ გოგონებს უტარდებათ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო აცრების სიაში რ მოხვდა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვინაიდან საქართველოში ჩუტყვავილას გავრცელება გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს აღწევს პიკს, ჩნდება კითხვა - საჭიროა თუ არა იმუნიზაცია და რატომ არ მოხვდა ჩუტყვავილას აცრა ვაქცინაციის კალენდარში?
ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიშია წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. ამ უკანასკნელთათვის დაავადება შესაძლოა ლეტალურადაც კი დამთავრდეს.
განსაკუთრებით საშიშია ჩუტყვავილა ორსულობისას.