გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ხოლო ბელარუსს უარი უთხრეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრების გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ორი წლის განმავლობაში გაერო-ს უშიშროების საბჭოში ალჟირი, გვინეა, სიერა-ლეონე, სლოვენია და სამხრეთ კორეა შევლენ.
მედიის ინფორმაციით, კენჭისყრის დროს ალჟირის, გვინეას, სიერა-ლეონეს და სამხრეთ კორეას უშიშროების საბჭოს წევრობა არავის გაუპროტესტებია, ხოლო სლოვენიამ ბელარუსზე მეტი ხმა მიიღო.
გაერო-ს წესდების მიხედვით, უშოშროების საბჭოში გეოგრაფიული მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოები რეგიონების მიხედვით ჯგუფებად არიან დაყოფილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას რეგიონული ჯგუფის შიგნით მოწინააღმდეგე არ ჰყავს, მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მიიღოს.