მოცვის მოსავალმა შესაძლოა, 3000 ტონას გადააჭარბოს, რაც აჩენს შანსებს, რომ საქართველო შესაძლოა გლობალური მოთამაშე გახდეს. ერთ კვირაში საქართველოში მოცვის მოსავლის შეგროვება დაიწყება.
პორტალ EastFruit-ის ცნობით, მწარმოებელ რეგიონებში შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდების გამო მოსავლის შეგროვება ზედიზედ მეორე სეზონია, ივნისისთვის გადაიდო. თუმცა ნაადრევი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება.
მწარმოებლები საექსპორტო ფასების პროგნოზირებას ჯერჯერობით თავს არიდებენ. რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, მათი თქმით, რუსეთი წელსაც ქართული მოცვის საკვანძო ბაზრად რჩება. თუმცა, EastFruit-ის ცნობით, წლევანდელ სეზონზე საქართველო ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყებს ექსპორტს ევროპისა და არაბულ ქვეყნებში, ხოლო რუსეთის ბაზრის წილს მოცვის ექსპორტში შეამცირებს.
EastFruit-ის მიერ გამოკითხული ხუთი მწარმოებელი, მიმდინარე წლის სეზონზე მთლიანობაში უფრო მეტ, კერძოდ, სულ მცირე, 480 ტონა მოსავალს ელოდებიან, რადგან ბაღები იზრდება. მაგალითად, წლევანდელ სეზონზე 2017 წელს გაშენებული 63,8 ჰექტარი მოცვის ბაღები მწიფდება, ხოლო დამატებით 700 ჰექტარი პირველ კომერციულ მოსავალს მიიღებს. 2015 წლიდან 2022 წლამდე პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემებით 1762 ჰექტარი მოცვის ბაღი გაშენდა. ბაღების პიკური ფართობი 2021 წელს დაფინანსდა, თუმცა 2022 წელს, დაახლოებით, სამჯერ შემცირდა.
ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე ერთი კილოგრამი მოცვის საბითუმო ფასი 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მომავალი კვირიდან ფასების მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. საბითუმო ფასები მაშინ დადგინდება, როცა ექსპორტიორები მოცვის ყიდვას დაიწყებენ. მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წლის სეზონზე საქართველოში, მინიმუმ, 3000 ტონა მოცვის მოსავლის აღება იგეგმება, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი, 50%-იანი ზრდაა.
მთლიანობაში ქვეყანაში, დაახლოებით, 3000 ჰექტარი მოცვის ბაღია, რომელიც, ასოციაციის გამოთვლით, საბოლოოდ 30 000 ტონამდე კენკრის მოსავალს მოიტანს. მოსავლის ზრდა კი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს ქმნის.