პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 4-ჯერ ანუ 269%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 მილიონ 801 ათასი ლარი შევიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 4 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 109 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი იყო. ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.