არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ალექსის მაკ ალისტერმა ლივერპულთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და მომავალი სეზონიდან მერსისაიდულ კლუბს შეუერთდება.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ხელშეკრულების მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელი იურგენ კლოპის გუნდში 2028 წლის ივნისამდე დარჩება, ლივერპული კი მას 60 მილიონ ფუნტად გამოისყიდის. მაკ ალისტერი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი ამის შემდეგ გაოფიციალურდება.
სეზონის დასრულებამდე მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ იურგენ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას გეგმავდა და ძირითადად გუნდში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურდა. ამას დაემატა ისიც, რომ ლივერპული თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯეიმს მილნერმა, ნაბი კეიტამ და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დატოვეს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, ეს გერმანელი სპეციალისტისთვის პირველი ტრანსფერი იქნება.
მაკ ალისტერმა ბრაიტონის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა. "თოლიებმა" კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწიეს, პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდნენ და ლივერპულთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსისმა ტოპ კლუბების ყურადღება განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიიქცია, რომელიც არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.