ბელგია უკრაინას სთხოვს განმარტებას იმის შესახებ, გამოიყენეს თუ არა ბელგიაში წარმოებული იარაღი პროუკრაინულმა ძალებმა რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის ბელგოროდის ოლქში, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ განაცხადა.
„ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და ითხოვენ ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. ევროპული იარაღი უკრაინას მიეწოდება იმ პირობით, რომ იგი გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის დასაცავად. ჩვენ გვაქვს მკაცრი კონტროლი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა", - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.
The Washington Post-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფები, რომლებმაც გასულ თვეში რუსეთის ბელგოროდის ოლქში თავდასხმა განახორციელეს, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა გადასცა და ასევე, ბელგიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებულ შაშხანებს.