მაისის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის გაიაფება დაიწყო. ფასების კლება შეინიშნება როგორც ე.წ. ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ გასამართი სადგურების ქსელში. მაგალითისთვის Wissol-ის ქსელში ეკო დიზელის ღირებულება 3.22 ლარი, ევრო დიზელი - 3.12 ლარი, დიზელ ენერჯი კი 3.07 ლარი ღირს.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავი ყველაზე დიდი მოცულობა - თითქმის 297 ათასი ტონა რუსეთიდან შევიძინეთ, რაც მთელი იმპორტის 85%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუმინეთი და თურქმენეთი.
,,ბიზნეს პალიტრა“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ დიზელის ფასის შემცირების პირობებში, მისი მოხმარება ტრანზიტული ტრანსპორტის მხრიდანაც გაიზრდება, რადგან მაგალითისთვის თურქეთიდან მომავალი ტრაილერები საქართველოს გავლით რუსეთში გადასვლისას საქართველოში დიზელს არ ისხამდნენ.
გაიაფებული დიზელის პირობებში კი მოთხოვნა ამ სეგმენტიდანაც გაჩნდება, რაც ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისთვის, შესაბამისად ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება.