უკრაინული მხარე, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს. კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა, უწყების განცხადებით, მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი. საგარეო უწყების სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მუდმივი სარაკეტო დარტყმები და დრონებით იერიშები აშკარა მტკიცებულება და ასახვაა იმისა, რომ მოსკოვი ომის გაგრძელების გარდა სხვა სცენარებს არ განიხილავს.