ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კიევსა და რამდენიმე ოლქში მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინელებს მოუწოდა, განგაში არ უგულებელყონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.