ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კოსოვოში დამატებითი ჯარების გაგზავნას გეგმავს. ნატო-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთსა და კოსოვოს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, კოსოვოში ამჟამად ნატო-ს 4000 ჯარისკაცი იმყოფება, ალიანსის გადაწყვეტილებით კი მათ კიდევ 700 დაემატებათ. ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება 30 მაისს მოხდა. ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები ახალარჩეულ ალბანელ მერებს მუნიციპალურ შენობებში შესვლის საშუალება არ აძლევდნენ. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.