ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა - ზოგადად, მწარეა სიმართლე, შეიძლება, ბევრს გულზე ხვდება, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ ბრატისლავაში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებთან სიმართლე თავის დროზე რომ ელაპარაკა, დღეს განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება, უკრაინაში ომი არც ყოფილიყო.
"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ გატარებული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და წარმოდგენილი იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სათანადოდ. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ბევრს ეს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება და ზოგადად, მწარეა სიმართლე, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ გვექნა, დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურებაც არ ყოფილიყო უკრაინაში, რაც დღეს ხდება," - განაცხადა კალაძემ.