მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, ბლოკში თავშესაფრის მოთხოვნით 265 250 განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 29.4%-ით მეტია. როგორც სააგენტო წერს, მხოლოდ მარტში ევროკავშირმა 92 000-მდე განაცხადი მიიღო.
თავშესაფრის მაძიებელთა ამ რაოდენობამ, 2015-2016 წლების ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ მხოლოდ ოთხჯერ გადააჭარბა და ოთხივე შემთხვევა ბოლო ექვს თვეში დაფიქსირდა. ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება.
მიმდინარე წლის მარტში ევროგაერთიანებაში ყველაზე მეტი განაცხადი სირიიდან და ავღანეთიდან შევიდა, და აქედან ნახევარზე მეტმა გერმანიას მიმართა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. კერძოდ, იანვარ-მარტში ევროკავშირში 7 372 განაცხადი შევიდა ჩვენი ქვეყნიდან, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 5 780-ს, თითქმის 28%-ით აღემატება. მხოლოდ მარტში, საქართველოს მოქალაქეების განაცხადების 38% გერმანიაზე, 29% საფრანგეთზე, ხოლო 13% იტალიაზე მოდის. აღსანიშნია, რომ ლტოლვილის სტატუსზე საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადიდან სამ თვეში მხოლოდ 2% დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე ევროკავშირში სულ 29 000 განაცხადი შევიდა, რაც მინიმუმ 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია და 2021 წელს დაფიქსირებულ რაოდენობაზე 94%-ით მეტია.
სწორედ გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და არალეგალური აქტივობების აღმოფხვრის მიზნით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტთან და ევროსაბჭოსთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.