ევროპა ლიგის ფინალი როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული და დაძაბული გამოდგა. „სევილიასა“ და „რომას“ შორის დაპირისპირება 90 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში გოლები აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი ესპანელებმა 4:1 მოიგეს და მათთვის ნაცნობი თასი მეშვიდედ აღმართეს.
შეხვედრაში ანგარიში რომაელებმა გახსნეს. 35-ე წუთზე მოურინიოს გუნდი მანჩინის ჩინებული პასის შემდეგ, პაულო დიბალამ დააწინაურა და 2011 წლის შემდეგ პირველი არგენტინელი გახდა, რომელმაც ევროტურნირის ფინალში გოლის გატანა შეძლო.
55-ე წუთზე „სევილიელთა“ სახიფათო ჩაწოდებას მანჩინის ავტოგოლი მოჰყვა - 1:1. ამის შემდეგ იყო 2 არდანიშნული პენალტი და ესპანური კლუბის უპირატესობა, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მივიდა.
პენალტების სერიაში „სევილია“ უფრო ზუსტი და დამაჯერებელი იყო. იასინ ბონომ კი 2 დარტმა მოუგერია და „ანდალუსიელებმა“ 4:1 მოიგეს. რომაელთა მხრიდან გატანა მხოლოდ კრისტანტემ შეძლო. სევილიელთაგან კი ოკამპოსმა, ლამელამ, რაკიტიჩმა და მონტიელმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მონტიელმა გადამწყვეტი პენალტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ზუსტად შეასრულა.
ამრიგად, „სევილიამ“ ევროპა ლიგა ისტორიაში მეშვიდედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.