ნოვატორული სიუჟეტის, კოლორიტული პერსონაჟების და საინტერესო დეტალების წყალობით, რობერტ ზემეკისის ტრილოგიამ „უკან მომავალში“, რომელმაც გამოგონილი ქალაქის ჰილ-ვალის ალტერნატიული რეალობა აღწერა, გასული საუკუნის 80-იან წლებშიც უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა და თითქმის 40 წლის შემდეგაც დროში მოგზაურობის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმად ითვლება.
ტრილოგიის მთავარი გმირი მოზარდი მარტი მაკფლაია 1985 წლიდან, რომელიც დროის მანქანით ჯერ წარსულში, მერე მომავალში მოგზაურობს ექსცენტრიკული მეცნიერის და დროის მანქანის გამომგონებლის ემიტ ბრაუნის წყალობით.
ტრილოგიის პირველი ნაწილის პრემიერა 1985 წელს შედგა, რასაც 1989 და 1990 წლებში ერთმანეთის მიყოლებით გამოსული მეორე და მესამე სერიები მოჰყვა. საკასო წარმატებამ, კრიტიკოსების აღიარებამ და თაყვანისმცემელთა მილიონიანმა არმიამ ფრანშიზის ავტორებს მისი გაფართოებისა და განვითარებისკენ უბიძგა - ჯერ კომიქსების სერია გამოიცა, მერე მულტსერიალი და დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, 1999 წელს კინოკომპანია Unversal-ის სამ თემატურ პარკში სპეციალური ატრაქციონი ამოქმედდა, 2020 წელს კი, ფილმის სიუჟეტი თეატრალური მიუზიკლისთვის გადაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ ტრილოგიის პირველი ნაწილი ამერიკული ფილმების ნაციონალურ რეესტრში შევიდა, 2015 წლის 21 ოქტომბერს კი, ფილმის პატივსაცემად ერთგვარი დღესასწაული დაწესდა, რომელსაც ფანტასტიკის მოყვარულები ტრადიციულად აღნიშნავენ ყოველ წელს, რადგან სწორედ 21 ოქტომბერს დაიწყო მაკფლაის თავშესაქცევი მოგზაურობა დროში.
სკოლის ფოტოალბომი
რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროექტი სპონტანური იდეით იწყება და არც ფრანჩიზა „უკან მომავალში“ გახდა გამონაკლისი. ერთგვარ ათვლის წერტილად ძველი სკოლის ალბომი იქცა, რომელიც სცენარისტმა ბობ გეილმა მშობლების სახლში სარდაფის დალაგებისას იპოვა შემთხვევით.
გაყვითლებული ფოტოების თვალიერებისას გეილს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ სკოლაში სწავლისას მისი მამა კლასის ლიდერი იყო. სწორედ მაშინ გაუჩნდა სცენარისტს შეკითხვა, რა მოხდებოდა წარსულში რომ ემოგზაურა, შეძლებდა თუ არა მამასთან საერთო ენის გამონახვას და მასთან დამეგობრებას.
ორიგინალური იდეა გეილმა მეგობარს, რეჟისორ რობერტ ზემეკისს გაუზიარა. ზემეკისმა საკუთარი დედა და მისი მონათხრობი გაიხსენა, რომელიც ყოველთვის სიამაყით ჰყვებოდა, რომ მეგობრები აუცილებლად მას მიმართავდნენ რჩევისთვის, რადგან ყველაზე ჭკვიან და გონიერ მოსწავლედ ითვლებოდა კლასში. სწორედ ორი ისტორიის შერწყმით გაჩნდა სიუჟეტი მოზარდზე, რომელმაც წარსულში იმოგზაურა და საკუთარი მშობლები გაიცნო.
სპეციალურად შეირჩა ეპოქაც - ნოსტალგიური 1950-იანი წლები, როცა სამყარო ბევრად მარტივი და გულუბრყვილო იყო, ყოველშემთხვევაში ფილმის ავტორებისთვის, რომელთა ბავშვობა სწორედ 50-იან წლებს დაემთხვა.
ჰილ-ვალი
კალიფორნიის ქალაქი ჰილ-ვალი, რომლის სახელი „ბორცვების ველს“ ნიშნავს, სინამდვილეში ფილმის ავტორების გამონაგონია და არასდროს არსებობდა. მართალია, Unversal-ის პავილიონებში გაშენებული ქალაქი 1980-იანი წლების ყველაზე ძვირადღირებულ დეკორაციად იქცა, მაგრამ 2008 წელს, კინოსტუდიის ტექნიკური პერსონალის დაუდევრობით გაჩენილი ხანძრის შემდეგ განადგურდა ერთიანად.
მარტი მაკფლაი
მართალია, მარტი მაკფლიას როლზე რობერტ ზემეკისი მხოლოდ მაიკლ ჯეი ფოქსის კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ მსახიობი ტელეპროექტის „ოჯახური კავშრების“ კონტრაქტით აღმოჩნდა შეზღუდული, რამაც სრულმეტრაჟიან ფილმში მონაწილეობის საშუალება არ მისცა.
ხანგრძლივი სინჯების შემდეგ რეჟისორმა ერიკ შტოლცი დაამტკიცა როლზე, ვისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ აქტიურად შეუდგა მუშაობას, თუმცა ერთ თვის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება ინანა, რადგან უდავო ნიჭის მიუხედავად, მსახიობი ზედმეტად დრამატული აღმოჩნდა ნახევრად კომიკური როლისთვის. მართალია, კონტრაქტის გაუქმება პროდიუსერებს 3 მილიონი დოლარი დაუჯდათ, მაგრამ ზემეკისმა მაინც არ დაიხია უკან. მეტიც, რეჟისორმა გადაღებებიც კი გადადო ჯეი ფოქსის მოლოდინში, რომელმაც სრულად გაამართლა იმედი, მით უფრო, რომ კუთვნილი შვებულების გარეშე დათანხმდა მუშაობას.
ემეტ ბრაუნი
საკუთარი პერსონაჟი კრისტოფერ ლოიდმა ალბერტ აინშტაინის და ცნობილი დირიჟორის ლეოპოლდ სტოკოვსკის პროტოტიპად შექმნა, რადგან სწორედ მათი მანერებითა და თავისებურებებით გაამდიდრა შეშლილი გამომგონებელი.
საინტერესოა თავად მეცნიერის სახელიც - ემიტი (em-it), რაც „დროის“ ანუ ინგლისური სიტყვის time-ის შებრუნებული ვერსიაა, მისი მეორე სახელი ლატროპი (Lathrop) კი, „პორტალს“ გულისხმობს, თუმცა ისევ შებრუნებული ვერსიით.
ჯენიფერ პარკერი
პირველ ფილმში მარტის მეგობარი გოგონა კლაუდია უელსმა განასახიერა, თუმცა ტრილოგიის შემდეგ სერიებში მსახიობმა უარი თქვა მონაწილეობაზე. ესტაფეტა უელსისგან ელიზაბეტ შუმ ჩაიბარა, თუმცა მსახიობები იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნულად, რომ მაყურებლის დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ შენიშნა ცვლილება.
DeLorean DMC-12
მართალია, Universal Pictures-ის მესვეურების ჩანაფიქრით დროის მანქანა ჩვეულებრივი მაცივარი უნდა ყოფილიყო, რაც ბიუჯეტის დაზოგვაში დაეხმარებოდა, მაგრამ ზემეკისი და ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი სტივენ სპილბერგი აღმოჩნდნენ კატეგორიული წინააღმდეგი, რომლებიც შიშობდნენ, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ბავშვები გაუშინაურდებოდნენ მაცივარს, აუცილებლად მოსინჯავდნენ შეძრომას და სერიოზულ პრობლემებს შეიქმნიდნენ.
ფილმის ავტორებმა არჩევანი რეალურ ავტომობილზე DeLorean DMC-12-ზე შეაჩერეს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში გამოდიოდა და მეტად ფუტურისტული იერი ჰქონდა, სპეციალისტებმა კი, ნაგავსაყრელზე მოძიებული ავიადეტალებით გაამდიდრეს მოდელი და მეტი ფანტასტიკურობა შესძინეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი, რომელიც ტრილოგიის მესამე ნაწილის ფინალში გაანადგურა მატარებელმა არა მაკეტი, არამედ ქვიშით და ასაფეთქებლით გავსებული DeLorean იყო, რომლის ნამსხვრევები მეტად ეფექტურად გაიფანტა სხვადასხვა მახრეს.
ელვა
ეფექტური მიგნების მიუხედავად, ცნობილი ელვა პირველი ფილმიდან შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო, რადგან პირვანდელი ჩანაფიქრით ენერგიას დროში ნახტომისთვის დოკი და მარტი ნევადაში განხორციელებული ბირთვული აფეთქებიდან იღებდნენ, თუმცა მსგავსი ეპიზოდის გადაღება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა, რამაც ზემეკისს ისევ ელვის მოწყობა აიძულა.
მუსიკა
ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე სამუშაოდ ზემეკისი ძველი მეგობრის, კომპოზიტორის ალან სილვესტრის მიწვევას გეგმავდა, ვისთანაც მანამდე სათავგადასავლო კომედიაზე „რომანი ქვასთან“ თანამშრომლობდა, თუმცა სპილბერგმა სილვესტრის შემოქმედება დაიწუნა და პარტნიორს გრანდიოზული ნაწარმოების შექმნა შესთავაზა „ვარსკვლავური ომების“ მუსიკალურ სტილში.
ზემეკისმა რამდენიმე კომპოზიტორს მიმართა მსგავსი მოთხოვნით, თუმცა ყველასგან უარი მიიღო, რამაც ისევ სილვესტრის დაბრუნება აიძულა, რომელსაც ორ კვირაში მოუწია დაკვეთეთის შესრულება. სწორედ ასე შეიქმნა ცნობილი კომპოზიცია Back to the Future Overture, რომელიც გიგანტურ ორკესტრში გაერთიანებულმა 85-მა მუსიკოსმა შეასრულა და ერთგვარი რეკორდიც დაამყარა, რადგან მსგავსი მასშტაბის შემადგენლობას მანამდე არასდროს უმუშავია კინომუსიკის ჩასაწერაზე.
დოკის ლაბორატორია
ემეტ ბრაუნის ლაბორატორიის კედლებზე ოთხი მეცნიერის - კლასიკური ფიზიკის ფუძემდებლის ისააკ ნიუტონის, პირველი ელექტროსადგურის გამომგონებლის თომას ედისონის, ფარდობითობის თეორიის აღმომჩენის ალბერტ აინშტაინის და ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი ჰკიდია, რომელმაც პირველმა „მოარჯულა“ ელვა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ოთხი სფერო - ფიზიკა, ელვის განზომილება, ელექტროენერგია და ფარდობითობა ანუ დროში მოგზაურობა იქცა ტრილოგიის მთავარ სიუჟეტურ კვანძად.
მფრინავი სკეიდბორდი
ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ ზემეკისმა ცუდად იხუმრა, როცა ღიმილით აღნიშნა, რომ „სინამდვილეში, კომპანია Mattel-მა, რომლის ლოგოც მფრინავ სკეიდბორდზ ჩანს, დიდი ხნის წინ გამოიგონა მსგავსი საოცრება, უბრალოდ ვერ მოსწრო სერიული წარმოების გამართვა და მხოლოდ გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა „მფრინავი დაფის“ რამდენიმე ეგზემპლიარის შეძენა“. მანამდე ნაკლებად ცნობილილმა Mattel-მა რამდენიმე საათში მოიპოვა პოპულარობა, რადგან უამრავმა მსურველმა მიმართა, ვინც ნებისმიერ ფასად მზად იყო შეეძინა უნიკალური მფრინავი სკეიდბორდი.
უნივერსალური ქურთუკი
„მომავლის გამოგონებად“ იქცა მარტის უნივერსალური ქურთუკიც, რომელიც თვითონ ერგებოდა მფლობელს შესაფერის ზომაზე. მართალია, მსგავსი მოდელი მეტად ეფექტურად გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ სინამდვილეში, მის მორგებაზე 40-მა ადამიანმა იზრუნა, რომელთაც ჯერ სილიკონის ძაფების გაბმა, მერე მათი მართვა მოუწია.
მისტიკური დამთხვევა
ეპიზოდი, რომელშიც ბიფმა წარსულიდან მომავალში საკუთარ თავს სპორტული ალმანახი მიჰყიდა, თან დაამატა, რომ „ფლორიდა 1997 წელს მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს ბეისბოლში“ - ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რადგან ფილმი 1989 წელს გამოვიდა, რვა წლის შემდეგ კი, მართლაც Florida Marlins-მა გაიმარჯვა ბეისბოლის მსოფლიო ჩემპიონატში, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ 1989 წელს ფლორიდას საერთოდ არ ჰყავდა საკუთარი გუნდი, რადგან Marlins ჯერ არ არსებობდა.
საკასო წარმატება
სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, Unversal-ის მესვეურებს ნაკლებად სჯეროდათ ფილმის წარმატების. მეტიც, სუსტი სარეკლამო კამპანიის გამო, რომელშიც საერთოდ არ მონაწილეობდა მთავარი როლის შემსრულებელი მაიკლ ჯეი ფოქსი, თავად ზემეკისიც შიშობდა, რომ ვერ შეძლებდა დანახარჯის ანაზღაურებას.
თუმცა, შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან პირველსავე უიქენდზე ნათელი გახდა, რომ Unversal-მა ნამდვილი ჰიტი შექმნა. პუბლიკამ სწრაფად შეიყვარა ფანტასტიკური ისტორია, რომელიც მსოფლიო გაქირავების ლიდერი და 1985 წლის ყველაზე შემოსავლიანი ამერიკული ფილმი გახდა. არ ჩამორჩა დანარჩენებს არც ამერიკული კინოაკადემია, რომელმაც ოთხი ნომინაციით და ერთი პრემიით აღნიშნა ფილმი საუკეთესო ხმის კატეგორიაში.