„პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“ - სწორედ ამერიკელ ასტრონავტს ნილ არმსტრონგს ეკუთვნის ცნობილი ციტატა, რომელიც პირველი ადამიანი გახდა, ვინც მთვარის ქვიშიან ზედაპირზე „გაისეირნა“ და წარმატებული კოსმოსური ექსპედიციის მთვარ სიმბოლოდ იქცა.
ნილ ოლდენ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ოჰაიოს შტატის პროვინციულ ქალაქ უაპაკონეტაში შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის სტივენ არმსტრონგისა და გერმანელი ვიოლა ენგელის ოჯახში. უფროსი არმსტრონგის წყალობით, რომელიც აუდიტორად მუშაობდა შტატის მთავრობაზე, ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. მეტიც, მცირეწლოვანმა ნილმა 20-მდე ქალაქი და სკოლა გამოიცვალა უმცროს და-ძმასთან ერთად, სანამ ოჯახი საბოლოოდ არ დაფუძნდა უაპაკონეტაში.
მოზარდი ნილი აქტიურად მონაწილეობდა ბოისკაუტთა მოძრაობაში და უმაღლესი - Eagle Scout-ის რანგიც მოიპოვა, უკვე ზრდასრული და სახელოვანი კი, Distinguished Eagle Scout Award-ისა და Silver Buffalo Award-ის პრემიებით დაჯილდოვდა.
ავიაციით ნილი ადრეულ ბავშვობაში მოიხიბლა, როცა ჯერ კიდევ 2 წლისა მამამ კლივლენდის აეროშოუზე წაიყვანა, 5 წლისამ კი, პირველად იფრინა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მფრინავი გახდებოდა. პირველი ლიცენზია მოზარდმა არმსტრონგმა საშუალო სკოლის დასრულებამდე, მართვის მოწმობამდე ბევრად ადრე მიიღო და ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა.
საავიაციო წარმოების შესწავლა მომავალმა ასტრონავტმა პერდიუს უნივერსიტეტში - ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კვლევით სასწავლებელში გადაწყვიტა, რომელიც 1955 წელს აერონავტიკის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. თუმცა, მეორე კურსზე სწავლის დროებით გადადება და სამხედრო სამსახურის გავლა მოუწია ლუისის კვლევით ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ არმსტრნგის 3-წლიან სამსახურს დაემთხვა კორეის ომი, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეას დაუჭირა მხარი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არმიასაც მოუწია უცხო ქვეყნის ომში ჩაბმა. არმსტრონგმა, რომელიც მანამდე რეაქტიულ თვითმფრინავებს ცდიდა, 78 საბრძოლო ფრენა განახორციელა ბომბდამშენი გამანადგურებლით და მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოადგეს, თუმცა საჰაერო მედლითა და ორი ოქროს ვარსკვლავით მაინც დაჯილდოვდა.
ომის დასრულების შემდეგ არმსტრონგი უნივერსიტეტში დაბრუნდა და ამერიკულ სასწავლებლებში მეტად პოპულარულ - სტუდენტურ საძმოში Kappa Kappa Psi-ში გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთ წვეულებაზე მომავალი მეუღლე ჯენეტ შერონი გაიცნო.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, არმსტრონგმა, რომელიც ექსპერიმენტული გამომცდელის სტატუსით სარგებლობდა, აერონავტიკის ეროვნულ საკონსულტაციო კომისიას ანუ NAСA-ს მიმართა, თუმცა საინტერესო ვაკანსია ვერ მოიძია და მხოლოდ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ პროფილის ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ
დაბრუნდა NAСA-ში, სადაც მისთვის სასურველი პოზიცია დაიკავა.
არმსტრონგს პირველსავე დღეს მოუწია მეტად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, რადგან ჩეიზის ექსპერიმენტული ბომბდამშენების გამოცდისა და პილოტირების დავალება მიიღო. უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიუხედავად, ტესტირებისას თვითმფრინავს ერთ-ერთმა ძრავამ უმტყუნა, პროპელერი კი, ზედმეტად სწრაფად დატრიალდა, რამაც ხანძრის გაჩენისა და აფეთქების სერიოზული საფრთხე შექმნა. თუმცა, არმსტრონგმა მაინც შეძლო მეწყვილესთან ერთად ხიფათიდან თავის დაღწევა და დასაფრენ ბილიკზე მხოლოდ ერთი ძრავით დაშვება.
1958 წლის ივლისის თვეში ვაშინგტონში აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სამმართველო ანუ NASA შეიქმნა, რომელმაც თავისივე წინამორბედი NAСA შთანთქა მისი ფუნქციების შეთავსებით.
სწორედ ახლად შექმნილი NASA-ს ხელმძღვანელობამ შეამჩნია ახალგაზრდა, თუმცა საოცრად სერიოზული, მიზანსწრაფული პილოტი და მეტად სარისკო პროგრამაში შესთავაზა მონაწილეობა, რომელიც ექსპერიმენტულ რაკეტაპლანზე North American X-15-ზე ფრენისთვის მფრინავების მომზადებას გულისხმობდა. პირველი ფრენა არმსტრონგმა 1960 წლის ნოემბერში განახორციელა, საერთო ჯამში კი, შვიდი გაფრენა დააგროვა, თუმცა 50 მილის სიმაღლე, რომელსაც ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები კოსმოსის საზღვრად მიიჩნევდნენ, მაინც ვერ დაძლია.
1962 წელს არმსტრონგს საბოლოოდ გაუცრუა იმედი რაკეტაპლანად წოდებულმა ნოვატორულმა საფრენმა აპარატმა და პროგრამა დატოვა, თუმცა რამდენიმე თვეში თავად პროექტიც დაიხურა, რადგან არაეფექტური და მხოლოდ ზარალის მომტანი აღმოჩნდა.
მარცხიან პროგრამაზე უარის თქმის შემდეგ უკვე გამოცდილმა არმსტრონგმა NASA-ს კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობა, რომელიც მეტად მაცდუნებელი სახელით „ადამიანი კოსმოსში“ კვალიფიციურ სამოქალაქო პილოტებს სთავაზობდა ავანტიურულ თავგადასავალს. არსტრონგი, რომელმაც 250 პრეტენდენტი დაჯაბნა, NASA-ს ასტრონავტების მეორე ჯგუფს შეუერთდა და აქტიურად შეუდგა კოსმოსში გაფრენისთვის მზადებას, მით უფრო, რომ განსაკუთრებული გამძლეობისა და დისციპლინის წყალობით, რომლითაც სხვა პილოტების ფონზე გამოირჩეოდა, „ყინულის კაპიტნის“ სახელიც კი შეიძინა.
სხვათა შორის, კონკურსის გამოცხადების დროს, მომავალი ასტრონავტი სიეტლში, კოსმოსის შემსწავლელ კონფერენციას ესწრებოდა, ამიტომ მისმა განაცხადმა ერთი კვირით დააგვიანა. არმსტრონგის ბედი ძველმა მეგობარმა დიკ დეიმ გადაწყვიტა, რომელმაც შემთხვევით იპოვა განცხადება და შეუმჩნევლად შეაპარა დანარჩენებს.
1965 წელს Gemini 8-ის სარეზერვო ეკიპაჟიდან არმსტრონგმა ძირითად ჯგუფში გადაინაცვლა, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ მისიის მიზანს ერთის მხრივ ორო კოსმოსური ხომალდის შეპირისპირება, მეორეს მხრივ, მთვარის ექსპედიციისთვის მეთოდიკისა და აღჭურვილობის შემუშავება წარმოადგენდა.
Gemini 8-ის ურთულესი საცდელი მისია 1966 წლის მარტში განხორციელდა, როცა არმსტრონგმა მეწყვილესთან დევიდ სკოტთან ერთად განახორციელა ორი კოსმოსური აპარატის შეპირისპირება. მართალია, კომუნიკაციის გაუმართაობის გამო, გათვლილ დროზე ადრე დასრულდა მისია, მაგრამ ექსპედიცია მაინც წარმატებულად ჩაითვალა, რადგან სირთულეების მიუხედავად მთავარი დავალება შესრულდა.
„აპოლონ 8“-ის სარეზერვო მეთაურობის შემდეგ NASA-ს ხელმძღვანელობამ არმსტრონგს ლეგენდარული „აპოლონ 11“-ის მეთაურობა ჩააბარა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად უნდა განეხორციელებინა ადამიანის მთვარეზე გადასხმა.
კოსმოსურმა რაკეტამ, რომლის ეკიპაჟმა მხოლოდ სამი ასტრონავტი - ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი შეადგინა, 1969 წლის 16 ივლისს, 13 საათსა და 32 წუთზე აიღო სტარტი ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროდან, NASA-ს უმსხვილესი კვლევითი ლაბორატორიიდან - ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან. მეტად ამაღელვებელ მომენტს ასტრონავტების ოჯახის წევრები მდინარე ბანანას ნაპირიდან ადევნებდნენ თვალს.
მართალია, მთვარეზე „აპოლონ 11“ წარმატებით დაეშვა, მაგრამ ასტრონავტებს ბევრად რთული მისია ჰქონდათ შესასრულებელი, რადგან არავინ იცოდა, რა სიურპრიზი ელოდა ხომალდიდან ღია კოსმოსში გასულს.
მთვარეზე გადმოსხმა, რომელიც მსოფლიო სენსაციად იქცა, 1969 წლის 20 ივლისს განხორციელდა, მსოფლიო დროით 20 საათზე, 17 წუთსა და 40 წამზე. აღსანიშნავია, რომ გადმოსხმის დროს ასტრონავტების პულსმა წუთში 150 დარტყმას მიაღწია და პრაქტიკულად ახალშობილის გულისცემას გაუტოლდა.
პირველი ნაბიჯი მთვარის ზედაპირზე ნილ არმსტრონგმა გადადგა და თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა, ბაზ ოლდრინი კი, რამდენიმე წუთის შემდეგ შეურთდა. საერთო ჯამში ასტრონავტების მთვარეზე „სეირნობა“ 2 საათი და 31 წუთი გაგრძელდა, რაც შეერთებული შტატების დროშის აღმართვით, ფოტოების, ვიდეორგოლების გადაღებითა და რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარებითა აღინიშნა. ასტრონავტებმა წინასწარ დაგეგმილი ცდა ჩაატარეს - ერთი სიმაღლიდან ჩამოგდეს ბუმბული და ჩაქუჩი, რომელთაც ზუსტად ერთნაირი სიჩქარით მიაღწიეს მთვარის ზედაპირს. სხვათა შორის, მსგავსი შედეგის მიღწევა მანამდე მხოლოდ სრულ ვაკუუმში შეიძლებოდა.
აღსანიშნავია უჩვეულო სიმსუბუქე, რომლითაც არმსტრონგი და ოლდრინი მთვარის ზედაპირზე გადაადგილდებოდნენ. ასტრონავტების განცხადებით, მასიური ეკიპირების მიუხედავად, მაინც ძალიან მარტივი აღმოჩნდა წონასწორობის შენარჩუნება, რაც ორივესთვის მოულოდნელ სიურპრიზად იქცა.
მთვარეზე სასიამოვნო გასეირნების შემდეგ ასტრონავტებს უსიამოვნება ელოდათ ხომალდის ბორტზე, რადგან დიდხანს ვერ შეძლეს ე.წ. გამშვები ღილაკის ამოქმედება, სამუდამოდ მთვარეზე დარჩენის სურვილი კი არავის ჰქონდა. საბოლოოდ ისევ არმსტრონგმა იმარჯვა, რომელმაც მხოლოდ საოცრების წყალობით აამუშავა ძრავა და კოლეგებთან ერთად დაუბრუნდა მშობლიურ დედამიწას.
წარმატებული მოგზაურობის მიუხედავად, დღემდე გრძელდება კამათი ამერიკელების კოსმოსურ ექსპედიციაზე. მეტიც, „მთვარის მისია“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მისტიფიკაციად ითვლება, რომელსაც ბევრი წარმატებულ შოუდ, ბევრი კი, პირიქით - ცუდად დადგმულ სანახაობად მიიჩნევს, მით უფრო, რომ უამრავი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელთაც ეჭვქვეშ დააყენეს ასტრონავტების მთვარეზე სეირნობა.
ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები არასდროს ყოფილან მთვარეზე, ფოტო და ვიდეომასალა კი, რომელიც მტკიცებულებად იქცა NASA-მ შექმნა ჰოლივუდის ერთ-ერთ კინოსტუდიაში. მეტიც, არსებობს ვერსია თითქოს, გაყალბებული დოკუმენტური ქრონიკის ავტორი ცნობილი რეჟისორი სტენლი კუბრიკია, რომელმაც საკუთარი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „2001: კოსმოსური ოდისეის“ მასალა გამოიყენა კოსმოსური ექსპედიციის ფალსიფიცირებისთვის.
„მთვარეზე მოგზაურობა“ არმსტრონგისთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან ექსპედიციიდან დაბრუნებულმა თავად თქვა უარი ახალ მისიაში მონაწილეობასა და კოსმოსში დაბრუნებაზე. მართალია, არმსტრონგი აერონავტიკის პერსპექტიული კვლევებისა და ტექნოლოგიების განყოფილების ადმინისტრატორის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, გამოცდილმა ასტრონავტმა NASA დატოვა და ცინცინატის უნივერსიტეტში გადაინაცვლა აეროკოსმიური ინჟინერიის დეპარტამენტში, სადაც არა მხოლოდ პროფესორის ხარისხი მოიპოვა, არამედ კოლეგებისა და სტუდენტების პატივისცემაც დაიმსახურა.
მოკრძალებული არმსტრონგი ყოველთვის მაქსიმალურად გაურბოდა პოპულარობას და უზარმაზარი დამსახურების მიუხედავად, მაინც კატეგორიულად აპროტესტებდა მისგან ეროვნული გმირის შექმნეს ნებისმიერ მცდელობას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოკრძალება ბევრმა მის პატიოსნებასა და პრინციპულობას მიაწერა. ამბობდნენ, თითქოს ასტრონავტს, სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა დანაშაულის გრძნობა იმ ავანტიურისა და „ფალსიფიცირებულ მისიაში“ მონაწილეობის გამო, რომელსაც NASA-ს წყალობით დათანხმდა, მით უფრო, რომ არმსტრონგმა ჯერ კოსმოსური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან გაწყვიტა კავშირი, 1980 წელს კი, უნივერსიტეტი დატოვა, რაც აუტანელი ბიუროკრატიზმით ახსნა.
პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ არმსტროგმა მეორედ იქორწინა კეროლ ჰელდ ნაითზე, ვისთან ერთადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და ისევ მაქსიმალურად გაურბოდა პრესის ყურადღებას. არმსტრონგი 2012 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა, მისი ფერფლი კი, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ტრადიციის მიხედვით ატლანტის ოკეანის ფსკერზე დაიკრძალა.