სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს -ბრალდება წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.
ამასთან, საგამოძებო სამსახურში განმარტავენ, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ, ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ.
„აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.