კითხვაზე, იყო თუ არა 2008 წლის ომი არაპროვოცირებული აგრესიის შედეგი, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ 2008 წლის ომი თავიდან აეცილებინათ.
„მთავრობაში ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ის ომი თავიდან აგვეცილებინა. საქართველო პატარა ქვეყანაა, კარგადაა აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ ქვეყანა მაინც პატარაა. მიმაჩნია, რომ ეს ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, მითუმეტეს როდესაც ქვეყანა არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი არაა, ის ომი დამანგრეველი იყო და შედეგი არის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იმ დროს ომს საკმარისი ყურადღება არ მიექცა, არავინ დაუწესა რუსეთს სანქციები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, უნდა დაეწესებინათ თუ არა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები, პრემიერი ასე პასუხობს: „ასე ვფიქრობ, ასე მწამს“.
„ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც უკრაინაში ვხედავთ ეს კატასტროფულია, ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2008 წლის ომი მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო და „ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა“.
„მიმაჩნია, რომ მსოფლიო იმ დროს ვერ ფიქრობდა, რომ სერიოზული იყო ის ომი ჩვენთან, მაგრამ 6 წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. არავინ ფიქრობდა, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა. ეს ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო, ბოლო სამი ათწლეულის გამავლობაში 3 ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, შემდეგ სამოქალაქო ომი და 2008 წლის ომი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს, მანამდეც გვქონდა. წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღედგინა, უვიზო რეჟიმი მიანიჭეს, სტრატეგიული, ენერგო-ობიექტები მიჰყიდეს რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს. ამის მიუხედავად, შედარებისთვის, ევროკავშირმა 2.3 მლრდ ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში. მაგრამ ჩვენ ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს, ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რამე ძალისხმევას ან ნებას, რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.